საქართველოს 12 დასახლებაში მიწის რეგისტრაციის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელება დაიწყო.

რეესტრის ცნობით, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრი თავად განახორციელებს.

მთავრობის დადგენილებით, საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, 12 დასახლება შეირჩა. ესენია: მანგლისი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთი, ზარიძეები, ვედიდკარი, ლახამულა, საგურამო, მზისგული და შუახევი. ამ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.

reclamaპროექტით უფასოდაა გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებულ დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

დაბა მანგლისი პირველია იმ თორმეტი დასახლებიდან, საიდანაც სისტემური რეგისტრაციების სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი - სპორადული რეგისტრაციები, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებას და სარეგისტრაციო წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შედეგად, 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

რეფორმის მეორე ეტაპის – სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტის ფარგლებში კი მიწები წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე დარეგისტრირდება.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია მოქალაქეებს არ ზღუდავს ინდივიდულურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.