რუსული მედია - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს , - აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

გუშინ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში ოთხი რეისი გააუქმა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, - განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.