რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ქართულ ავიაკომპანიასთან პრობლემის მოგვარებას უახლოეს კვირაში იმედოვნებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-თან დაკავშირებული საკითხი, რომელიც რუსეთში ფრენების შეზღუდვას უკავშირდება, უახლოესი კვირის განმავლობაში გადაწყდება.

ამის შესახებ „ტასს“-ს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განუცხადა.

„ვითარება პოზიტიურად გადაწყდება. ვიმედოვნებ, რომ უახლოესი კვირის განმავლობაში ყველა საკითხი ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად გადაწყდება და ისინი შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც დღეისთვის გათვალისწინებულია საჰაერო კავშირის შეთანხმებით, ჩვენ კი, შესაბამისად, ჩვენი მხრივ ასევე მივიღებთ აუცილებელ ზომებს“, - განაცხადა სოკოლოვმა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელიც 2014 წლიდან რეგულარულ რეისებს ახორციელებს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, შაბათს, რუსეთის დედაქალაქში ფრენების რაოდენობის იძულებით შემცირების შესახებ განაცხადა. ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანიას მოულოდნელად აცნობა თბილისი-მოსკოვის ოთხი რეისის გაუქმების შესახებ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტეს, რომ ეს არის საპასუხო ზომა, რადგან მაისიდან საქართველოს ავიახელისუფლება რუსეთის ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებს“ უფლებას არ აძლევს ზაფხულის პერიოდში პოდმოსკოვიეს ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისში ოთხი რეისი შეასრულოს.