ენერგეტიკოსი გია არაბიძე გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს

ენერგეტიკოსი გია არაბიძე გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს , - ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, დეკანმა, ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ სემეკის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კომისიამ გაზის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

„საოპერაციო ხარჯებიდან კომპანიას იმდენი რაღაც ამოაკლეს, რომ გამიჩნდა ეჭვი, რომ დღეს დადგენილი ტარიფი ხომ არ შეუშლის ხელს ,,გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო შეძენა, არამედ შეძენილი პროდუქტის სახლში მოტანა", - განაცხადა არაბიძემ და დასძინა, რომ „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ტარიფით მუშაობას შეძლებენ, რაც მისასალმებელია.

რაც შეეხება გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, გია არაბიძე ვარუდობს, რომ ხვალ გაზის ტარიფი იმაზე მეტი დადგინდება, ვიდრე დღეს გვაქვს.

„თუმცა რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი. დღეს კმაყოფილი მივდივარ, რადგან დღეს დადგენილი ტარიფი არ იყო დამთრგუნველი არც ჩემთვის და არც კომპანიისთვის. თუ ხვალაც მოხერხდა და ხვალ დადგენილი ტარიფი არ იქნება სერიოზულად დამთრგუნველი ჩვენთვის და გამანაწილებელი კომპანებისთვის, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა გია არაბიძემ.

სემეკმა ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, ,,ყაზბეგი გაზისთვის", ,,დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა.