შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

გთავაზობთ შამპანურის ყველაზე ცნობილი ბრენდების ხუთეულს, რომელთაგან ზოგიერთი რობერტ პარკერმა მოიხსენია თავის წიგნში უდიდესი ღვინოებისა და მეურნეობების შესახებ.

კლიკოს ქვრივი (Veuve Clicquot Ponsardin)

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შამპანურის "ქალური" ბრენდი - Veuve Clicquot. მე-19 საუკუნის დასაწყისში მამაცმა 27 წლის ქვრივმა ქალმა, გვარად კლიკო (ქალიშვილობაში ბარბ ნიკოლ პონსარდენი), ქმრისგან მემკვიდრეობით საშუალო დონის მეღვინეობა მიიღო და წარმოუდგენელ მწვერვალებამდე აიყვანა. ქალმა თავისი შესანიშნავი პროდუქციით მიწისქვეშეთის 18 კილომეტრი შეავსო, რომელიც ქალაქისგან გამოისყიდა და ღვინის მარნად აქცია. კლიკოს ქვრივს ეკუთვნის შამპანურის კრისტალურ გამჭვირვალობამდე გაწმენდის მეთოდის ავტორობა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მსოფლიოს ყველა მეღვინე.

მასვე ეკუთვნის შამპანურის საცობის შემაკავებელი მავთულის გამოგონება - სითხე ბოთლში წნევის ქვეშ იმყოფება, რომელიც ავტომობილის საბურავის წნევას 3-ჯერ აღემატება.

კლიკომ 88 წელი იცოცხლა. მან მეღვინეობისადმი გულგრილი ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და თავისი აყვავებული საქმე გადასცა ადამიანს, რომელიც ბოლომდე მასთან მუშაობდა - მმართველსა და მეგობარს, ედუარდ ვერდეს, რომლის შთამომავლებმაც ბრენდის სახელი კიდევ უფრო გაამყარეს და დღესდღეობით ყველაზე ცნობილ შამპანურად აქციეს. Veuve Clicquot-ს მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიირთმევენ.

მოეტი და შანდონი (Moët&Chandon)

ამ შავ ბანტს ოქროსფერი კანტებითა და წითელი მრგვალი ბეჭდით ბოზტლის ყელთან, ყველა იცნობს. ის 1886 წელს გამოიგონეს და მას მერე Moet&Chandon-ის საფირმო პროდუქციის გაფორმების უცვლელი დეტალია.

უკვე 250 წელზე მეტია, კომპანია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ შამპანურს აწარმოებს. თავიდანვე სახლი Moet&Chandon სამეფო კარებთა ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი იყო. თავის დროზე მას ლუდოვიკო XV და ნაპოლეონ ბონაპარტი სვამდნენ.

Moet&Chandon-ის კლიენტებს შორის თომას ჯეფერსონი იყო, ინგლისის მეფე ედუარდ VII ისე შეუყვარდა ეს შამპანური, რომ მუდამ მოახლის თანხლებით დადიოდა, რომელსაც თითო-ორი ბოთლი ელაგა კალათაში. დღეს კი Moet&Chandon-ს სამეფო ნებართვა აქვს, როგორც ინგლისის დედოფლის, ელისაბედ II მიმწოდებელს.

პოპ-კულტურის ვარსკვლავების თანამედროვე ეპოქაში Moet&Chandon აქტიურად ითვისებს კინემატოგრაფის სამყაროს. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში Moët პრემიის "ოქროს გლობუსი" ოფიციალური შამპანურია. 2015 წელს კი შამპანურის ბრენდის სახე ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი გახდა.

დომ პერინიონი (Dom Pérignon)

ფარის სახის ეს ეტიკეტი მთელ მსოფლიოში ცნობილია. Moet&Chandon ექსკლუზიურ ვინტაჟურ შამპანურს 1936 წლიდან აწამოებს.

სახელწოდება მეღვინეობის დარგში ცნობილი პიროვნების - ბერი-ბენედიქტიანელი პიერ პერინიონის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა. დომ - საფრანგეთში სასულიერო პირისადმი მიმართვაა. მას მიაწერენ ცქრიალა ქაფქაფა სასმელის გამოგონებას - მანამდე ვერავინ მოიფიქრა, როგორ ექცია ჩვეულებრივი ადუღებული ღვინო შესანიშნავ სასმელად. შესაძლოა, ის აბსოლუტურად პირველი არ იყო ამ საქმეში, მაგრამ შამპანურის წარმოების ტექნოლოგიის სათავეებში იდგა. პერინიონს ეკუთვნის წყნარი ღვინის მეორადი დუღილის, თეთრი ღვინოების ნარევების შერჩევისა და სქელ ბოთლებში ჩასხმის მეთოდი, ასევე, ბოთლში საცობების ჩასმის იდეა. 30 წლის ასაკში, პიერ პერინიონი ოვილიეს ბენედიქტური სააბატოს ღვინის მარნების ხელმძღვანელი გახდა და განაცხადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს შექმნიდა. და ეს ნამდვილად გამოუვიდა - მონასტერში შექმნილმა შესანიშნავმა შუშხუნა ღვინომ სახელი ვერსალშიც გაითქვა. ღვინოს Dom Pérignon ლუდოვიკო XIV სამეფო კარს აწვდიდნენ.

თანამედროვე დომ პერინიონს ტრადიციების დაცვით აწარმოებენ, მისი ხარისხი დამატებით რეკლამას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ, მწარმოებელმა კომპანიამ საიმიჯო სამუშაოებისთვის კარლ ლაგერფელდი მიიწვია. აქციას დიდი წარმატება ხვდა წილად და ბრენდი პოპულარობის ახალ საფეხურზე აიყვანა. ლაგერფელდმა ფოტოსესიებისთვის პოდიუმის ვარსკვლავები - ევა ჰერცოგოვა და კლაუდია შიფერი მიიწვია. აქციის იდეა გახლდათ: Dom Pérignon - ჯადოსნური სასმელი, რომელიც სექსუალურ ფანტაზიებს ათავისუფლებს.

ლუი როდერერი (Louis Roederer)

მსოფლიოსთვის ეს ბრენდი ცნობილია ღვინით - Louis Roederer Cristal. "შესანიშნავი ღვინო", "უბადლო ხარისხი" - მსგავს ეპითეტებს იყენებს მასთან მიმართებაში რობერტ პარკერი. უდავოდ, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირად ღირებული შამპანური ღვინო. "სამეფო სასმელი" - ის პირველად 1876 წელს შექმნეს სპეციალურად ალექსანდრე II-სთვის. რევოლუციამდე ლუი როდერერის სახლი რუსეთის საიმპერატორო კარის ოფიციალური მიმწოდებელი გახლდათ. სახელწოდება - კრისტალი კი იმიტომ ერგო, რომ შამპანური სპეციალურად შეკვეთილ ბროლის ბოთლებში ესხა.

ბოთლის დღევანდელ გაფორმებაში დაცულია ასოციაციები სამეფო გვირგვინთან, არისტოკრატულობასთან, სინატიფესა და ფუფუნებასთან. მსოფლიოში, ის ფუფუნების სასმელად მიიჩნევა, რომელიც ლიდერებისა და გამარჯვებულებისთვისაა განკუთვნილი. ლუი როდერერის შამანურის სახლის პოლიტიკაც ასევე გამოირჩევა არისტოკრატულობითა და დამოუკიდებლობით - ჯერ ვერცერთმა საერთაშორისო კორპორაციამ ვერ შეძლო მისი შთანთქმა - ეს გახლავთ ერთადერთი სახლი შამპანში, რომელიც საოჯახო კუთვნილებად რჩება. იხილეთ გაგრძელება