თბილისში პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია

საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ნაშენ ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაშია ნათქვამი.

აღნიშნულ დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული გამწვანების საკითხია განხილული. კონცეფციაში ნათქვამია, რომ თბილისი საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას განიცდის.

”გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა (OSCE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ გამწვანების არსებობას ითვალისწინებს. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს. შედეგად, 2030 წლისთვის, ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას, ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490ჰა. განთავსდება”, - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავსუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი უნდა დაეთმოს სარეკრეაციო ფუნქციასა და გამწვანებას.

”ვერეს ხეობაში არსებული ”მზიურის პარკი” ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს, აუცილებელია მისი დროული აღდგენა. ლისის, ძველი იპოდრომისა და კუსტბის ტერიტორიები არ განიხილება ურბანულ ტერიტორიებად. ისინი მოისაზრება ლანდშაფტურ არეალში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებად, რაც მათი სამშენებლო საქმიანობისაგან დაცვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს”, - ნათქვამია თბილისის ნაშენი ტერიტორიის შიგნით ურბანული მწვანე ტერიტორიების განაწილების კონცეფციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავარ პრობლემად რჩება ქალაქის საცხოვრებელი უბნების საფეხმავლო არეალებში მსხვილი რეკრეაციული პარკებით უზრუნველყოფა.

კონცეფციის თანახმად, ”თემქის პარკის” მოწყობით ქალაქის ორ მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო.

ასევე საუბარია, რომ თბილისის ზღვა ახალი ზოოპარკითა და დენდროლოგიური პარკით მნიშვნელოვან სარეკრეაციო კლასტერად ყალიბდება. თუმცა ის ნაშენი ტერიტორიის გარეთ არის განლაგებული.

კონცეფციის თანახმად, კრწანისის პარკი ქალაქის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო რესურსია, თუმცა მისი საქალაქო სივრცეში სრულფასოვანი ჩართვისათვის აუცილებელია მოცემულ არეალამდე მისასვლელი გზების გაუმჯობესება.