"ერთი კილოგრამი თხილი ვერ გავა საზღვარზე, სანამ შესაბამის შემოწმებას არ გაივლის"

ბოლო ხანებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აფლატოქსინი, რომლის გამოც ევროკავშირის ბაზარზე თხილი იბლოკება.

საუბარია იმაზეც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული თხილი ვეღარ გააქვთ, რასაც თხილის ექსპორტიორები კატეგორიულად უარყოფენ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე კი აცხადებს, რომ გასულ წელს აფლატოქსინის დასაშვებ ნორმაზე მეტის აღმოჩენის 9 შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, თუმცა 2017 წლის 1 ივნისიდან ქვეყანაში ამოქმედდა თხილის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტიორებს საკმაოდ მკაცრ სტანდარტებს უწესებს.

„ჩვენ რეგულირებაში მოვაქციეთ საექსპორტო თხილი და დავიწყეთ მკაცრი კონტროლი. ერთი კილოგრამი თხილი ვერ გავა საზღვარზე, სანამ ის შესაბამის შემოწმებას არ გაივლის“, - ამბობს თენგიზ კალანდაძე.

„მსგავსი ჭორები ყოველთვის ვრცელდება. შეიძლება ვიღაცას სურდა ამ ჭორის გავრცელებით ქართული თხილის იმიჯი შეელახა“, - გვითხრა ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრმა, ფერმერმა მერაბ ფიფიამ.

"მიუხედავად იმისა, რომ შარშან ქართული თხილი დაზიანებული იყო, ეს დეზინფორმაციაა, რადგან საზღვარზე ჯანმრთელობისთვის საშიშ თხილს არავინ გაუშვებს. შეიძლება ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ მთლიანად ქართულ თხილზე ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია", - აღნიშნავს ფერმერი.

მერაბ ფიფიას თქმით, ზუგდიდის რაიონში თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი დაავადებულია.

"წელს თხილი ჯერ არ არის შემოსული, მაგრამ შარშანდელზე უკეთეს სეზონს არ ველოდებით. უფრო მეტიც, შეიძლება წელს უფრო ცუდი მოსავალი მივიღოთ, რადგან მაის-ივნისში ცუდი ამინდები იყო და უხარისხო თხილი მოისხა. ეს იმის ბრალია, რომ თხილის ნარგავები ფესვიანად არის დაავადებული. სხვათა შორის, აფხაზეთში ჩვენი ნაცნობები ცხოვრობენ და ამბობენ, რომ იქ უარესი მდგომარეობა აქვთ. ჩვენთან კი შეწამლეს, მაგრამ მაინც იგივე მდგომარეობაა. ამ საქმეში სახელმწიფო თუ არ ჩაერევა, მარტო ფერმერები ვერაფერს შეძლებენ", - აღნიშნავს მერაბ ფიფია.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" აგრონომმა, ოზურგეთის რაიონის მთავარმა სპეციალისტმა სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტმა განუცხადა, დაავადებები ყველგან არის - თურქეთშიც, ჩინეთშიც და ყველა ქვეყანაში, სადაც თხილი მოდის. დაავადებას რომ დავინახავთ და მკურნალობას მერე დავიწყებთ, ეს დიდი შეცდომაა. თხილს მკურნალობა მანამ სჭირდება, სანამ გაჩნდება. მე ხშირად მიწევს ყოფნა დასავლეთ საქართველოს სოფლებში და ვხედავ, რომ დაავადებულ თხილის პლანტაციებს მოვლა აკლია. მიწის განოყიერება, მოკირიანება, სასუქის შეტანა, შეწამვლა - ეს ყველაფერი საჭიროა, რომ ნორმალური პლანტაცია გვქონდეს და მოსავალიც კარგი მივიღოთ. სასუქის შეტანასაც დრო უნდა: უნდა ვიცოდეთ, როდის შევიტანოთ, რა სიღრმეზე, რა რაოდენობით - ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კი გვინდა წელიწადში ერთხელ სასუქი მივაყაროთ და რეკორდული მოსავალი მივიღოთ - ასე არ ხდება. რაც შეეხება აფლატოქსინს - ეს სხვა არაფერია, თუ არა ობის სოკოსგან გამონაყოფი შხამი. ობი კი, მოუვლელ და შეუწამლავ თხილს უჩნდება", - ამბობს აგრონომი.

აკაკი ღლონტი ადასტურებს, რომ აფლატოქსინი საშიში კარცენოგენია, მაგრამ ის მხოლოდ ქართულ თხილში არ ჩნდება.

"აფლატოქსინი თურქულ, აზერბაიჯანულ და ამერიკულ თხილშიც აღმოუჩენიათ და ამას ევროკავშირიც აღიარებს. თხილში ამ მომწამლავი ნივთიერების გაჩენა არასწორი შენახვისა და არასწორი შრობის ბრალია. როდესაც სოკო თხილს მოედება, მერე გამოყოფს შხამს, რომელიც კიბოს იწვევს. ევროკავშირის ბაზარზე თხილი რომ მოხვდეს, ყველა სახის სერტიფიკატი უნდა ახლდეს. თუ არ ახლავს, ტვირთი უკან ბრუნდება და ნადგურდება, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ეს დეზინფორმაცია იყოს", - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევა ქართულ თხილშიც იყო, მაგრამ ამ ინფორმაციის მთლიანად ქართულ თხილზე გავრცელება უსამართლობაა და სხვა არაფერი.

"მეც მინახავს, როგორ ალბობენ თხილს წყალში არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომ უფრო მეტი წონა ჰქონდეს. ასეთ თხილს სოკოც გაუჩნდება და მავნებლებიც, რადგან ნესტი პირველი ხელშემწყობი ფაქტორია სოკოს გაჩენისთვის. მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო არ დაეხმარა ფერმერებს: თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი შეიწამლა, მაგრამ ეს ღონისძიება მავნებლების წინააღდეგ იყო მიმართული, მეორე ეტაპზე უკვე სოკოს საწინააღმდეგო ღონისძიებაც იგეგმება, მაგრამ თვითონ ფერმერებმაც ხომ უნდა იაქტიურონ? სახელმწიფოს ხელში ხომ ვერ შეაჩერდები? მე ვეუბნებოდი ფერმერებს, შესაწამლად რომ მოვლენ, დაახვედრეთ სოკოს საწინააღმდეგო წამალი, შეურევენ და ორივეზე ერთად შეწამლავენ-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთმა დამიჯერა. არადა, ასეთი კომბინირებული გზით შეწამვლაც კარგ შედეგს იძლევა. თუ სათანადოდ მოვუვლით და შენახვის წესებს დავიცავთ, პლანტაციებსაც გადავარჩენთ და ქართულ თხილს სოკო და მავნებელი ვეღარ მოერევა", - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.

ხათუნა ჩიგოგიძე