თემქის პარკის პროექტი მომავალი წლისთვის იქნება მზად

თემქის პარკთან დაკავშირებით, მონახაზი უკვე გაკეთებულია. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პარკის პროექტი მომავალი წლისთვის მომზადდება.

„თბილისის განვითარების გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან შემოთავაზებულია თემქის ხევის, როგორც რეკრეაციული სივრცის განვითარება და იქ პარკის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით კერძო სექტორიც გამოთქვამს მზადყოფნას. ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა და ამ ეტაპზე პარკის გაკეთებასთან დაკავშირებით, მონახაზიც გაკეთებულია,“ - აღნიშნა ნარმანიამ.

გენგეგმის მიხედვით, თემქის ხევში 10 ჰექტრამდე პარკის გაშენება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ მუშაობა გასული წლის ბოლოს დაიწყო.