დავით სერგეენკო - სოლარიუმის მომხმარებლებისადმი უმორჩილესი თხოვნა მექნება - ზომიერება დაიცვან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოლარიუმის მომხმარებლებს სთხოვს, ზომიერება დაიცვან.

შესაბამისი რეკომენდაციით ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს კითხვის საპასუხოდ მიმართა.

"სოლარიუმის მომხმარებლებს ძალიან ვთხოვდი, დაიცვან ზომიერება. გასაგებია ესთეტიკა, გასაგებია სილამაზე, მაგრამ, ყველაფერს თავისი ზომა აქვს. უმორჩილესი თხოვნა მექნება, ეს ზომა დაიცვან",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ ”ინტერპრესნიუსს” სოლარიუმის მოხმარებისას არსებული რისკები განუმარტა.

მისი თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.