ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა

31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin - იხსნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა , სადაც საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა და ეს დასტურია იმის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ღვინის აკვანი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო კომუნიკაციისთვის უნიკალური პლატფორმაა.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, მათ მოამზადეს ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, რომელიც 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს. ეს არის აღიარება ქართული ღვინის კულტურის, იმის, რომ საქართველო მართლაც არის ღვინის აკვანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცივილიზაციის მსიოფლიო ცენტრში გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნება და 4 თვეს გაგრძელდება. საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.

გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილი იქნება უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები. ასევე, რამდენჯერმე გაიმართება სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კონცერტი, შესრულდება ხალხური და საეკლესიო საგალობლები, გაიმართება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის პრემიერა, რომელიც სპეციალურად დაიდგა ბორდოს გამოფენისათვის, ასევე გაიმართება რამდენიმე კულინარიული საღამო და სხვა თემატური ღონისძიება.

ქართული გამოფენის ფარგლებში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის ცენტრალურ შესასვლელში განთავსდება დიდი ზომის ქვევრი, რომელიც ალავერდის ეპარქიაში ახლადგახსნილი თანამდეროვე ქვევრის სკოლის ბაზაზე სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადდა. ქვევრი დარჩება მუდმივ ექსპოზიციაში და იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ აღიარებას მიეძღვნება.

გამოფენასთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო კომისია სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საქართველოს საელჩო საფრანგეთში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-საქპატენტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა ორგანიზაციები.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია.

თანამედროვე მსოფლიოში ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრი - Cité des Civilisations Du Vin - განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.