კახა კალაძე - მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო უთეულში შედის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ნიკო ნიკოლაძესთან, პროგრესულ, განვითარებულ საქართველოსთან ასოცირდება და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი სიდიდით მსოფლიო ხუთეულში შედის. ახალი პროექტი ნამდვილად საინტერესოა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა- ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროები ერთად გეგმავენ. ეს არის ტურისტული ზონის მოწყობა ენგურის კაშხალზე, რომლისთვისაც დაახლოებით, 15 მლნ ევრო დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან მსგავსი პროექტები ქვეყნის ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოსთვის ეს იქნება ახალი სიცოცხლე და ტურისტებისთვის შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ. მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ - „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების ადგილიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.