შალვა ხუციშვილი - მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, უსაფრთხოების კუთხით ბევრად დადებითი შედეგები გვაქვს

მართვის მოწმობის ქულათა სისტემას უსაფრთხოების მონაცემების კუთხით ბევრად დადებითი შედეგები აქვს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

,,ყოველდღიურად ჩვენ ვაჯამებთ სტატისტიკურ მონაცემებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრირება გარკვეულად გაამკაცრა საპატრულო პოლიციამ ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, მაინც გარკვეულ პრობლემურ დარღვევებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ავარიების წყარო იყო, მაგალითად, მობილურზე საუბარი, ასეულობით სამართალდაღვევის კლებაა დღის განმავლობაში. თუმცა, ეს სტატისტიკა გამოქვეყნდება თვის ბოლოს და დეტალურად ნახავს საზოგადოება, რა არის ქულათა სისტემის პირველი შედეგები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების მონაცემების კუთხით ბევრად დადებითი შედეგები აქვს", - განაცხადა ხუციშვილმა.