მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა

ნუცუბიძის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსი აღარ აშენდება მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის წინააღმდეგ მოქალაქე ინა ბახტაძის სარჩელი დააკმაყოფილა.

ინა ბახტაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გაყიდვისა და მასზე 15-სართულიანი კორპუსის აშენების შესახებ გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, მიწის ნაკვეთი კერძო პირმა გაყიდა, თუმცა ბრძანება მშენებლობის შესახებ მერიამ გასცა. საჩივრის შეტანის მთავარი მიზეზი მშენებლობის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები გახდა, რაც ინა ბახტაძის თქმით, ურბანული გარემოს დამახინჯებასა და მოსახლეობის ფინანსური თვალსაზრისით დაზარალებას გამოიწვევს.

„მიმდებარე ტერიტორია იმდენად მჭიდროდ არის დასახლებული, რომ საპარკინგე ადგილიც კი არ არის. ამასთან ერთად გაყვანილობათა სიძველე ამდენ დატვირთვას ვერ აიტანს, რაც დააზარალებს როგორც მოსახლეობას, ასევე ურბანულ გარემოს. მშენებლობის დაწყების შემდეგ ჩემი უძრავი ქონების მსყიდველობითი ფასი უკვე საკმაოდ დაეცა,“- განაცხადა ინა ბახტაძემ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 სართულიან კორპუსს მოეჭრა 6 სართული და საბოლოოდ 9-სართულიანი კორპუსი აშენდება. ინა ბახტაძის განცხადებით, სწორედ მერიის ვალდებულება იყო დაერეგულირებინა სიტუაცია, შეემუშავებინა გენგეგმა, გაეფრთხილებინა მყიდველი შემოსულ საჩივართან დაკავშირებით, გაეთვალისწინებინა მოსახლეობის აზრი, გაეთვალა რისკები და არ გაეცა ბრძანება მშენებლობაზე.