დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს

ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რადგან როცა ერთი კომპანია არ იხდის, არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ფინანსური დავალიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუმსიშვილმა დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ს ფინანსური დავალიანება აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

"მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ეკონომიკის განვითარება და ზოგადად, ეკონომიკური ბლოკი. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და შესაბამისად, სხვა კონპანიებისგან განსხვავებით მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ს, ეს ეხება ზოგადად ყველას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, "რუსთავი 2"-თან გადასახადის გადახდის გრაფიკის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება.

"ბოლო პერიოდში მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კონკურენტულ გარემოში და არაკონკურენტული უპირატესობა არ მიიღოს ვინმემ სახელმწიფოს მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2"-თან მიღწეული იქნება გადასახადის გადახდის გრაფიკი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.