ყველის წარმოებაში ნედლეულად რძის ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა 400 ლარია

თუ დამტკიცდა, რომ რძის ფხვნილია გამოყენებული ყველის წარმოებაში ნედლეულად, ამ შემთხვევაში ეს არის ეტიკეტირების წესის დარღვევა და ითვალისწინებს 400-ლარიან ჯარიმას , - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რძის პროდუქტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მიქაძემ განმარტა, რძის ფხვნილზე დამზადებული ყველისებრი პროდუქტი აკრძალული არ არის, უბრალოდ, მას ყველი არ დაერქმევა.

”რძის და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ორი წელიწადია მოქმედებს. რეგლამენტში ცვლილებები 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში. რამდენიმე ცვლილება მოხდა ტექნიკურ რეგლამენტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეწარმეებისთვის და მომხმარებლისთვის არის ის, რომ დარეგულირდა ტერმინი - ყველის განმარტება და იქ ჩაიწერა, რომ არ შეიძლება რძის ფხვნილის აღდგენის შედეგად მიღებულ რძის ნაწარმს დაერქვას ყველი. ყველი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ რძისგან. მეორე ცვლილება არის კარაქთან დაკავშირებით. 39%-დან 79%-მდე რძის ცხიმის შემცველობის შემთხვევაში მეწარმეს შეუძლია დაარქვას თავის პროდუქტს კარაქი, ოღონდ შემცირებული რძის ცხიმით”, - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე თქმით, თუ რძის ფხვნილი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არ არის მავნებელი, უბრალოდ, აღნიშნული ცვლილებების მიზანია, მოხდეს მერძევეობის განვითარება.

”რძის ფხვნილი არ არის მავნებელი თუ ის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა, რომ მერძევეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ასევე, მომხმარებლებისთვის მისაღებია პროდუქტი, რომელიც დამზადებულია რძისგან”, - განაცხადა გიორგი მიქაძემ.

როგორც მან განმარტა, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წელსაა მიღებული, დარღვევები თავიდან ბევრი იყო, ხოლო წელს დარღვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

”რაც შეეხება რძის ფხვნილისგან დამზადებას, ამაზე დღესაც მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი, ჯერჯერობით დარღვევები არ არის. თუ დამტკიცდა, რომ რძის ფხვნილია გამოყენებული ყველის წარმოებაში ნედლეულად, ეს არის ეტიკეტირების წესის დარღვევა და ის ითვალისწინებს სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 71-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში თუ ისევ განმეორდა იგივე, 1200 ლარია საჯარიმო სანქცია”, - განაცხადა მიქაძემ.