ბიტკოინის ფასი ერთბაშად 400 დოლარით ავარდა

ბიტკოინის ფასი ისევ ზრდისკენ შებრუნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მის მოპოვებასთან დაკავშირებული რამდენიმე წამყვანი კომპანია ეთანხმება ციფრული ვალუტის რეორგანიზების გეგმას, რომლის დამტკიცებაც 1 აგვისტოს არის მოსალოდნელი.

ეს ამცირებს ბიტკოინის ორ ვალუტად გაყოფის ალბათობას, რაც შესაბამისად, ბიტკოინისადმი ინვესტორების ნდობაზე დადებითად აისახება.

შეერთებულ შტატებში ბაზირებულ პლატფორმა GDAX-ზე, დილით ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 400.9 დოლარით (17.86%-ით), 2 659.0 დოლარამდე გაიზარდა, ამჟამად კი 2708.96 დოლარია. შედარებით ნაკლები ტემპით გაიზარდა ეთერიუმის ფასი. მეორე ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა 225.41 დოლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ეთერიუმის ყველაზე დროის უმაღლესი ფასი 419.3 დოლარი იყო, თუმცა პიკის მიღწევის შემდეგ, ის 130.26 დოლარამდე (გასულ კვირას) იყო გაიაფებული.

ბაზარზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიტკოინის მომპოვებელი კომპანიების თითქმის 80 პროცენტი, მათ შორის „ბიტფიური“, „ბიტკლაბი“, „ანტპული“ და სხვები, ციფრული ვალუტის რეორგანიზაციას ემხრობიან. სწორედ ამ გარემოებამ გაამყარა ბიტკოინისადმი ინვესტორთა ნდობა.

გარდა ამისა, „გოლდმენ საქსმა“ ბიტკოინთან დაკავშირებით თავისი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვალუტის ფასი მალე კვლავ გატესტავს ფსიქოლოგიურ ზღვარს, რომელიც 3 000 დოლარის დონეზე მდებარეობს და მისი გადალახვის შემდეგ, 3 700 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მალე მოხდება.

თავისი კლიენტებისადმი გაგზავნილ წერილში, „გოლდმენ საქსის“ ტექნიკური სტრატეგიის ჯგუფის შეფი შება ჯაფარი წერს, რომ ბიტკოინის ფასის მიერ დაფიქსირებული უახლოესი მინიმუმი, ამიერიდან მხარდაჭერის ძლიერ ზღვარს წარმოადგენს და სიგნალების ბალანსი მოწმობს, რომ მალე ზრდა დაიწყება. ცნობისათვის, ორი კვირით ადრე, როცა ბიტკოინის ფასი პიკთან იყო, იმავე ჯაფარიმ საგრძნობი კლების პროგნოზი გააკეთა.

რაც შეეხება ეთერიუმს, რომელსაც ანალტიკოსები მალე ციფრული ვალუტების ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ, მისი ფასი კი გაიზარდა, მაგრამ კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. შედარებისთვის, ამ ეტაპზე ბიტკოინის კაპიტალზაცია 43 მილიარდი დოლარია.