ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა

მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურზე საუბრის ფაქტებმა რადიკალურად იკლო.

როგორც შსს იუწყება, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებმა, 1-დან 7 ივლისის ჩათვლით 1769-ით იკლო.

კერძოდ, ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ საპატრულო პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1672 მძღოლი დააჯარიმა. კანონმდებლობის თანახმად ავტომანქანით გადაადგილებისას მობილურზე საუბრისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა აკლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-დან 7 ივლისის ჩათვლით დაფიქსირებული მონაცემები, 24-30 ივნისს დაფიქსირებულ სამართალდარღვევების რაოდენობას შეადარა. ამ მაჩვენებლების თანახმად, 100- ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მობილურით კომუნიკაციისთვის 3441 ჯარიმა დაიწერა.