„რეზონანსი" - საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებს აღწევს

ბანკების მოგება არნახული ტემპით მატულობს.

იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებს აღწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების განმარტებით, გარკვეული გავლენა კომერციული ბანკების წმინდა მოგების გაზრდილ მაჩვენებელზე სავალუტო რყევებმა მოახდინა. თუმცა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორების გავლენაც.

ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით ბანკების წმინდა მოგებამ 448 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (290მლნ) 54%-ითაა გაზრდილი. რაც მთავარია, ამ მოგების ძირითად ნაწილს საქართველოში ინაწილებს სულ რაღაც 2-3 ბანკი.

„საქართველოში არის ფინანსური სასესხო პირმიდა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სესხი არ აქვს“ - ამის შესახებ „პირადი ბანკირი“ ირაკლი ბერძენაძე აცხადებს. მისი თქმით, ბანკები მოსახლეობის ხარჯზე აღწევენ მაქსიმალურ მოგებას, რაც განსაკუთრებულ რეაგირებას საჭიროებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა დააფუძნეს ბანკებზე და ეროვნულ ბანკს უხარია, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ ასეთი იდეოლოგია, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ბანკების მსგავსი მიდგომა მოსახლეობის დიდ ნაწილზე ცუდად მოქმედებს. ამ გავლენას ხალხი ყოველდღიურად გრძნობს სხვადასხვა სასესხო ვალდებულების ხარჯზე. ცხადია, ვერ ვკითხავთ ბანკს, რატომ აქვს დიდი მოგება. ამისთვის უნდა არსებობდეს რეგულატორი, რომლიც ყველაფერს შეამოწმებს და გაასაჯაროებს. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მოსახლეობის საკრედიტო ისტორიებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სესხი არ აქვს. საქართველოში არის ფინანსური სასესხო პირამიდა. ადამიანი ერთი ორგანიზაციის აღებული სესხით მეორეს ფარავს. ნათლად ჩანს, რომ საბანკო სისტემა კმაყოფილია ზემოგებით და მხოლოდ მოსახლეობაა უკმაყოფილო მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო“, - განუცხადა „რეზონანსს“ ბერძენაძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომელიც ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების მოგება მოსახლეობის ხარჯზეა. მისი თქმით, ბანკი თავის საქმეს აკეთებს და მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ მეორე საკითხია, როგორი რეგულაციები და ზედამხედველობაა ქვეყანაში, რომ კომერციული ბანკების მოგებამ მაქსიმუმს არ გადააჭარბოს.

„საქართველოში თუ რამე გამართულად მუშაობს, ეს საბანკო სექტორია. ის, რომ ბანკებმა მოგება ნახეს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა, კარგად მუშაობენ. თუმცა მეორე საკითხია, როდესაც ამხელა მოგებაზე გადიან და მარჟა 50%-ზე მეტია, ეს ვიღაცის ხარჯზე ხდება. ეს „ვიღაც“ კი ყოველთვის მოსახლეობაა, რომელიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, რეგულატორმა უნდა იმოქმედოს და ბანკებს პროცენტი დააწევინოს. ეს არის პროცესი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაკეთდეს დასკვნები. ამხელა მოგება მართლა დაუშვებელია. რეალურად, ბანკი თავის საქმეს აკეთებს და მოგებაზეა ორიენტირებული. უბრალოდ, მეორე საკითხია, როგორი რეგულაციები და ზედამხედველობაა ქვეყანაში, რომ კომერციული ბანკების მოგებამ მაქსიმუმს არ გადააჭარბოს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას წიქარაძემ.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, ბანკების მოგების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე კურსთა შორის სხვაობას ასახელებს. მისი თქმით, კურსის ცვლილების გამო ბანკების პირველი 6 თვის წმინდა მოგება არც ისე საგანგაშოდ არ გამოიყურება.

„აქ მთავარია კურსთა შორის სხვაობა. სესხების ძირითადი ნაწილი ამერიკულ დოლარშია გაცემული. შესაბამისად, გაიზარდა სესხების მოცულობა. ცხადია, აქტივები გაიზარდა კურსის გაუფასურების გამო. შესაბამისად, მოგებაც გაიზარდა. რამე განსაკუთრებული ამ კუთხით არ არის. რამდენადაც ცნობილია, 448 მლნ-ს შეადგენს საკრედიტო ვალდებულება, როდესაც დაახლოებით 15-18 მლრდ-მდე უნდა იყოს. თუ ამას გაცემულ სესხებზე გავყოფთ, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ გამოდის“, - განაცხადა თუთბერიძემ.

არსებული მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. თუმცა, სულ 3 ბანკია, რომლებიც ბაზარზე ამინდს ქმნიან და თამაშის წესებს განსაზღვრავენ. ფაქტობრივად, მთელი ფულადი რესურსიც მათ ხელშია.

ნათია ლომიძე

წყარო: „რეზონანსი“