ამერიკელი მკვლევარი - აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს

ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარმა პოლ ქრეგომ განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკის ბიუჯეტის განხილვაში კონგრესში საქართველოს მეგობრები ჩაერევიან, დახმარების თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

”სამწუხაროდ სამხედრო დახმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. როცა ქვეყანას სამხედრო დახმარებას ვაძლევთ, ეს თანხები ამერიკულ კონტრაქტორებთან უნდა დაიხარჯოს. 2016 წელს არა-სამხედრო დახმარება $50 მილიონი იყო. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს თანხა 34 მილიონია. გასაკვირია ის, რომ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს ამ დრომდე არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა მისი სააგენტოსთვის ბიუჯეტის ასეთი შემცირების გამო. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ის საკუთარ დეპარტამენტს არ იცავს. იმის ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ როგორ იხარჯება USAID-ის ფული, გეტყვით, რომ თელავში არის პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ტექნიკურ განათლებას აწვდის. არ მგონია USAID დიდ თანხას ხარჯავდეს ამ პროგრამაში, მაგრამ მცირედი დახმარების მოკლებაც კი მასზე დიდ უარყოფით გავლენას იქონიებს”, - განაცხადა პოლ ქრეგომ.

ქრეგო ასევე გამოეხმაურა საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დაგეგმილ ვიზიტს და აღნიშნა, რომ ”ის საქართველოზე ბევრ კარგ რამეს იტყვის”.

”გამომდინარე იქიდან, რომ ის თბილისში ნატო-ს პროგრამის ფარგლებში ჩადის, უნდა დავასკვნათ, რომ მთავარი აქცენტი სამხედრო თანამშრომლობაზე გაკეთდება. ის საქართველოზე ბევრ კარგ რამეს იტყვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. იმედი მაქვს, რომ ქართველები მას ამ თანხებზე დაელაპარაკებიან და ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს ასეთი შეკვეცა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის განხილვაში კონგრესში საქართველოს მეგობრები ჩაერევიან, ეს თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება. ბიუჯეტის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენმა თავდაცვის მდივანმაც კი თქვა, რომ საერთაშორისო დახმარების შემცირება თავდაცვის ხარჯების გაზრდას გამოიწვევს იმიტომ, რომ დიპლომატიის და ხალხთაშორისი ურთიერთობების დასუსტება სამხედრო ძალებს პრობლემებს შეუქმნის. როცა კამერები და ჟურნალისტები გავლენ, მაშინ შეიძლება რაღაცის თქმა. საბედნიეროდ, საქართველოს ლიდერებმა ინგლისური ყველამ იცის და იმედი მაქვს ვინმე ჰკითხავს ვიცე პრეზიდენტს, თუ რატომ იკვეცება ბიუჯეტი ასე დრამატულად. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დაბალ დონეზე ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენი კანონმდებლები საქართველოში ხშირად ჩადიან და ორ ქვეყანას შორის დიალოგი უწყვეტად მიმდინარეობს”, - აღნიშნა მკვლევარმა.