შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრისა და საგადასახადო დავალიანების შესახებ 2012 წლიდან საჯაროა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება სპეციალურ განაცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ 2012 წლიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრისა და საგადასახადო დავალიანების შესახებ არის საჯარო.

”შესაბამისი ცვლილებები ”საგადასახადო კოდექსში” განხორციელდა 2012 წლის 25 ივნისის ცვლილებით: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1684086 გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომია ბიზნესის რეესტრის ერთიანი ბაზების მიხედვით. რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციას, იმის გამო, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება, მისი მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურიდან კონკრეტული თარიღის მდგომარეობით. 2012-2017 წლების პერიოდში არა ერთი ცნობა გაიცა გადამხდელის დავალიანების შესახებ. შესაბამისად, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა 2017 წლიდან, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.