რიპლი - ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტოვალუტა

„რიპლი“ სან ფრანცისკოში ბაზირებული დამწყები კომპანიაა, რომლის მიერ შემუშავებულია ამავე სახელწოდების ციფრული ვალუტა.

ბაზარზე რიპლი XRP-ით აღინიშნება და ციფრულ ვალუტებს შორის ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 30 მილიონი დოლარის ტრანზაქციები შეასრულა.

რაც მთავარია, XRP-ის ფასმა 0.263 დოლარს მიაღწია. ეს 1 159 პროცენტით მეტია წინა კვარტლის დახურვის ფასზე და 3 977 პროცენტით მეტი - ბოლო წლის განმავლობაში. ამ წლის განმავლობაში, ვალუტა 25 გამცვლელ პლატფორმაზე შეიტანეს, სულ კი 30 პლატფორმაზეა რეგისტრირებული.

კომპანია „რიპლი“ ხუთი წლის წინ დაარსდა. თუმცა მისი ვალუტა მიმოქცევაში ახალი შემოსულია. კომპანიას შემუშავებული აქვს სისტემა, რომლითაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები არიან დაინტერესებულნი. მათ შორის, ინგლისის ბანკი, იაპონიის ბანკი, „იუნიკრედიტი“, UBS და „სანტანდერი“. ბიტკოინისგან და ეთერიუმისგან განსხვავებით, XRP-ის ძირითადად „რიპლი“ ფლობს და მიმოქცევაშიც თავად უშვებს. კომპანიას შემუშავებული აქვს თავისი ვალუტის მიმოქცევაში გაშვების გეგმა.

ამჟამად „რიპლი“ მსხვილ ბანკებთან მოლაპარაკებებით არის დაკავებული, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ნერგავენ თავიანთ სისტემებში „რიპლის“ ტექნოლოგიას. ამას კი XRP-ის ფასის ზრდა მოჰყვება. ეს ტექნოლოგია ტრანზაქციების უსაფრთხოებას, ფინანსური ოპერაციების მაღალ სიჩქარეს და მცირე საკომისიო მოსაკრებლებს უზრუნველყოფს.

ბიტკოინისგან განსხვავებით, „რიპლმა“ თავიდანვე სრული მოცულობით გამოუშვა თავისი ვალუტა. ოღონდ, მის უდიდეს ნაწილს თავად ფლობს. სულ გამოშვებულია 100 მილიარდი XRP, რომლებიც თავის მხრივ, მილიონ ნაწილად (წვეთებად) იყოფა.