პუტინის ქონება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია

ვლადიმერ პუტინის ქონება შესაძლოა, დაახლოებით 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდეს.

ამ თანხის დიდი ნაწილი რუს ოლიგარქებზე მოდის. აღნიშნულის შესახებ Hermitage Capital-ის ფონდის ხელმძღვანელი ბილ ბროუდერი აცხადებს, რომლის ფონდმა თავის დროს რუსეთში 4.5 მილიარდი აშშ დოლარი დააბანდა.

ბროუდერის თქმით, 2003 წელს ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ დაახლოებით ოცი ოლიგარქი აიძულა თხოვნით მიემართათ პუტინისთვის, რა ექნათ, ხოდორკოვსკის ბედი რომ არ გაემეორებინათ.

„პუტინის პასუხი იყო 50%. ეს 50% არა რუსეთის მთავრობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არამედ მას. იმ მომენტში პუტინი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ჩემი შეფასებით, მისი ქონება 200 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს“, - განაცხადა ბროუდერმა.

მისი თქმით, ეს თანხები არ არის გაფორმებული პუტინის სახელზე და მათი დაბანდება მსოფლიოს მასშტაბით ხდება.

„ეს თანხები, პუტინის ნდობამოპოვებული ოლიგარქების განკარგულებაშია. ეს ის ხალხია, ვისაც პუტინი ენდობა, რომ ფული მისი სახელით განკარგონ. მათ ფული დასავლეთში აქვთ დაბანდებული, ფონდებში, უძრავ ქონებაში, საფეხბურთო კლუბებსა და ა.შ.“ - განმარტავს ბილ ბროუდერი.

როგორც ბროუდერი აღნიშნავს, ეფექტურობის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს, ინდივიდუალურ პირებზე დაწესებული სანქციებია.

„ამის მიზეზი კი ის არის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთში ფულს მცირე რაოდენობის ხალხი აკონტროლებს. თუ თქვენ სანქციებს დაუწესებთ ამ ხალხს და მათ ქონებას, ეს თქვენ გადაწყვეტილებების მიმღებებზე გაგიყვანთ“, - დასძინა მან.