ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამ უძრავი ქონება გააძვირა

სამშენებლო სექტორში ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 7 თვეში კერძო სექტორი უკვე კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ლი ინვრიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში არქიტექტორი ვალდებულია პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე კარის ზომა გარკვეული სტანდარტებით. ასევე, აუცილებელია გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.

დეველოპერების ნაწილი დღეს აცხადებს, რომ აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედებამ მშენებლობა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც გააძვირა. სამშენებლო კომპანია "არსის" აღმასრულებელი დირექტორი და "საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე განმარტავს, რომ ეს არის ძალიან რთული, 600 გვერდიანი დოკუმენტი. აბულაძე განმარტავს, რომ მისი მიღება და ამოქმედება ძალიან სწორია მიუხედავად იმისა, ეს მასალების გარკვეულ ნაწილს გვიძვირებს თუ არა.

"ამ 600 გვერდიან დოკუმენტში არის მუხლები, რომელიც მართლა აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას და არის მუხლები, რომელიც ფასზე არ მოქმედებს. მაგალითად, არის ასეთი ელემენტი, რომ კინოდარბაზში და თეატრში ან იქ, სადაც ბევრი ხალხია, კარი უნდა იღებოდეს გარეთ და არა შიგნით. ხანძრის შემთხვევაში და პანიკის დროს რომ არ ჩაიკეტოს. ამის გაკეთება ხარჯებს არ მოითხოვს, ხომ? არის უამრავი ასეთი რამე, რაც არ არის ხარჯიანი, ზოგი კი საკმაოდ ხარჯიანია", - აცხადებს აბულაძე.

მისი მტკიცებით, თუ გვინდა, რომ საქართველოს კურსი ამ კუთხით იყოს ევროპული, მაშინ ამის მიღება აუცილებელია.

როგორც აბულაძე აცხადებს, ეკონომიკის სამინისტრომ უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა 2015 წლის შემოდგომაზე დაასრულა. მაშინ უწყებამ, ყველა დეველოპერი მოიწვია და საკითხი მათთან ერთად განიხილა. როგორც აბულაძე განმარტავს, მაშინ არცერთმა დეველოპერმა ეს დოკუმენტი არ წაიკითხა.

"არცერთი დეველოპერისგან არცერთი წინადადება არ შესულა იმაზე, თუ რა შეცვლილიყო და რა გამარტივებულიყო. ამ შემთხვევაში მეც ჩემს თავზე ქართული ზარმაცობიდან გამომდინარე იგივეს ვამბობ. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე ამის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში დაამტკიცა რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მას შემდეგ რაც რეგლამენტი ამოქმედდა, უკვე ამის შემდეგ დადგნენ სამშენებლო კომპანიები იმ რეალობის წინაშე, რაც დღეს გვაქვს", - აცხადებს აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის თებერვალში ისევ მოიწვია დეველოპერები და რეკომენდაციები სთხოვა.

"უკვე ახლა, როდესაც ამ პრობლემას დავეჯახეთ, მის გამოსწორებას ვცდილობთ. ამ მომენტისთვის ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა უკვე კონკრეტული რეკომენდაციებით, რომელიც ახლა განხილვაშია", - აცხადებს აბულაძე.

დეველოპერული კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურის ინფორმაციით, ამოქმედებულმა უსაფრთხოების ნორმებმა კანონში ბევრი სხვა ისეთი რეგულაცია გაწერა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ამ ფაქტმა კი დეველოპმენტში გასაწევი ხარჯები გაზარდა.

საუბარია, მაღალი ხარისხის და სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებში.

"ისეთი მასალები, როგორიც არის მაქრობი სისტემები საკმაოდ ძვირი ღირს. შესაბამისად, ეს აძვირებს ქონებას, რომლის შემდეგაც მისი რეალიზაცია გართულდება. ამ დროისთვის ახალი ნორმით დაპროექტებები ხდება, შესაბამისდა, კალკულაცია ახლა დგება. უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება, თუმცა, რამდენით, ჯერ არ ვიცი", - აცხადებს კუნელაური.

სამშენებლო კომპანია "ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი განმარტავს, რომ ამოქმედებულმა ტექნიკურმა რეგლამენტმა გავლენა ჯერ ვერ მოახდინა, თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა, უძრავი ქონების ფასი მცირედით გაიზარდოს. ჯაყელი აცხადებს, რომ ადგილზე მაქრობი მასალები შედარებით ძვირია, მისი იმპორტი კი უძრავ ქონებაზე ფასს ხელშესახებად არ გაზრდის.

"ამ დროისთვის ახალ პროექტს ვაპროექტებთ, შესაბამისდა, კალკულაცია ახლა ხდება. ის, თუ რამდენით გაძვირდება უძრავი ქონება, უცნობია", - აცხადებს ჯაყელი.

როგორც ცნობილია, 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოში შენობა-ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, მეტწილად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები და წესები გამოიყენებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში მოძველებული იყო და ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფდა სათანადო უსაფრთხოებას.

სწორედ ამიტომ შემუშავდა "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები, რომელიც შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე (USAID, "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)" - ფარგლებში) შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს.

"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების მიზანია შექმნას მინიმალური მოთხოვნები საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრეებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებების დროს.

მაშინ სამინისტროში ამბობდნენ, რომ შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგულირებისათვის "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საბჭოთა დროინდელი ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების დიდწილად ჩანაცვლების შესაძლებლობას შექმნიდა.

"ქართულ ენაზე არსებული საქართველოს ტექნიკური რეგლამენტი არქიტექტორების, ინჟინრების, ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ექსპერტების საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს", - განმარტავდნენ ეკონომიკის სამინისტროში.

"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით არის დამტკიცებული.

ბაჩანა ჯინჭარაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"