”თიბისი დაზღვევამ” დასეტყვილი მანქანების მფლობელებს 300 000-მდე ლარის ზარალი აუნაზღაურა

”თიბისი დაზღვევამ” 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 274 000 ლარის ოდენობით აანაზღაურა.

როგორც ”თიბისი ბანკიდან” იუწყებიან, სულ თიბისი დაზღვევაში სეტყვისგან დაზიანების 312 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აქედან 271 ავტომობილის შეკეთება დასრულდა, 8 ავტომობილის ზარალის ანაზღაურება პროცესშია და სულ მალე დასრულდება.

როგორც ბანკის პრესსამსახურში განმარტავენ, ავტომობილების ნაწილი საავტომობილო სერვისცენტრებში შეკეთდა, ნაწილი კი მომხმარებლებმა თავად შეაკეთეს „თიბისი დაზღვევის“ მიერ ჩარიცხული თანხით. აღსანიშნავია, რომ სულ სერვისცენტრებში 61 ავტომობილი შეკეთდა, ხოლო პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა 210 ავტომობილის მფლობელისთვის, ეს გადაწყვეტილებმა მომხმარებლებმა თავისი სურვილის მიხედვით მიიღეს.

„ჩვენი მომხმარებლები მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისგან დავაზღვიეთ. სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება ან შეკეთება საკმაოდ ხარისხიანად და ეფექტურად მოვახერხეთ. ჩვენს პარტნიორ სერვის ცენტრებში მოხდა სპეციალისტების ჯგუფის მობილიზება, კონკრეტულად ჩვენი კლიენტების მომსახურებისთვის. ზარალის ანაზღაურება, რომელიც ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესია, ჩვენი კლიენტებისთვის მაქსიმალურად მისაღები ფორმით და სწრაფად მოხდა. ასეთი ტიპის გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სადაზღვევო კომპანია და ვთვლით, რომ წარმატებულად გავართვით თავი სტიქიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას“, - განაცხადა ”თიბისი დაზღვევის” დირექტორის მოადგილე, დავით კიღურაძემ.