შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს, ბათუმში გაიმართება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს.

კობა გვენეტაძე ასევე შეხვდება აჭარის რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას და ინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ პირადად გააცნობს.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მიიღო. მათივე განმარტებით, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა გასვლითი სხდომები ქუთაისსა და წინანდალში გაიმართა.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 14 ივნისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

სებ-ის ცნობით, დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, 28304 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალა.