როგორ პასუხობს სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიისა და ნიტრატების სკანდალს?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეტიკის“ კვლევის თანახმად, ქართულ ბაზარზე გამოტანილი ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს.

მანამდე უფრო ადრე იყო ე.წ. სუნელების სკანდალი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა არანაკლებ შეაშფოთა. ხომ არ უნდა გამკაცრდეს ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოში და რა ბერკეტები აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ ეს სფერო სათანადოდ გაკონტროლდეს? - ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს გია მიქაძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ ქართულ ბაზარზე არსებული სურსათის კონტროლს: 2011 წლის შემდეგ ინტენსიურად ვიკვლევთ ნიტრატების შემცველობას სურსათში და ამ წლების განმავლობაში ნიტრატების მაღალი დონე მხოლოდ ორჯერ გამოვავლინეთ. ორივე შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომები მივიღეთ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენთვის უცნობია ეს პროდუქცია ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, თუ პორტატული აპარატურით, რომელსაც დიდი ცდომილება ახასიათებს. ჩვენი სააგენტო ნიტრატების დონეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში იკვლევს, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. თუ ამ ორგანიზაციის დასკვნა პორტატული აპარატურის გამოყენებით დაიდო, მაშინ სულ მცირე, 30%-იან ცდომილებას აქვს ადგილი. როგორც ვიცი, მათ ხილ-ბოსტნეული პორტატული აპარატურით გამოიკვლიეს.

- ჩვენი მოსახლეობა ძალიან შეაშფოთა უფრო ადრე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ სუნელებში ტყვიის რაოდენობა მაღალია. როგორ ამოწმებთ ტყვიის შემცველობას სურსათში?

- რაც შეეხება ტყვიის შემცველობას, ეს ნიუ-იორკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა და ეფუძნება ჩვენი ემიგრანტების სისხლის კვლევის მონაცემებს. ასევე, იმ სუნელ-სანელებლების კვლევას, რომელსაც აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იყენებენ. ჩვენ ამ ეტაპზე 125 ნიმუში გვაქვს აღებული და დარღვევა ოთხ ნიმუშში მართლაც აღმოჩნდა, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაზეც ამერიკული მხარე საუბრობს. ჩვენ ყველა ექსპორტიორის და ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ბიზნესოპერატორის პროდუქციიდან ავიღეთ ნიმუშები და გამოვიკვლიეთ. გარდა ამისა, წერილობით მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რისკის შეფასების სამეცნიერო ცენტრს და სხვა უწყებებს, რათა ეს პრობლემა კომპლექსურად მოვაგვაროთ. პროცესი უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორებთან განხორციელდა არაგეგმური ინპექტირება და თითოეულ მათგანს დაევალა გამოიკვლიონ, თუ რა ნედლეულს იყენებენ.

- ბატონო გია, უფრო ფართო მასშტაბი ხომ არ უნდა ჰქონდეს ამ შემოწმებებს?

- სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი კადრები ჰყავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონულ სამმართველოებში, სადაც სურსათის შემოწმება ინტენსიურად ხორციელდება. ვატარებთ გეგმურ შემოწმებებს, მაგრამ გარდა ამისა, არაგეგმური ინსპექტირებაც ხშირად ხორციელდება. რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების უმრავლესობას ვამოწმებთ და ვერ გეტყვით, სურსათის კონტროლს უფრო ფართო მასშტაბი როგორ უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, 2018 წლიდან სურსათის უვნებლობის სამსახური უკვე ინტენსიურ შემოწმებაზე გადავა, რომელიც მცენარეული წარმოშობის პროდუქციას შეეხება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ევროკავშირის ნორმები და სტანდარტები დავაკმაყოფილოთ.

- ესე იგი, შეიძლება დავამშვიდოთ მოსახლეობა, რომ ხილში ნიტრატები არ არის და არც სანელებლებშია ტყვიის შემცველობა მაღალი?

- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი დარღვევები არ გვაქვს, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებსაც უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ. ჩვენი სააგენტო ამ ორ საკითხს ახლაც იკვლევს: როგორია სანელებელებში ტყვიის შემცველობა და ნიტრატების დონე ხილ-ბოსტნეულში. რამდენიმე კვირაში გამოკვეთილი სურათი გვექნება და საბოლოო დასკვნასაც დავდებთ. როდესაც ეს კვლევები დასრულდება, ჩვენ უკვე შევძლებთ თამამად ვთქვათ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და როგორ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ ასეთი შედეგი.

- და ბოლოს, ვინ დაიცავს მოსახლეობას ჯანმრთელობისთვის საშიში, მავნე პროდუქციისაგან, რომელსაც ბავშვებიც მიირთმევენ?

- თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შემოწმებების ინტენსივობა და რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა არ შეიძლება მაკონტროლებელი ორგანო ყველაფერს ამოწმებდეს, ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. სურსათის უვნებლობას საზღვარზე აკონტროლებს შემოსავლების სამსახური, რომელიც საბაჟო ტერმინალებს ამოწმებს, ხოლო ადგილობრივ ბაზარს ჩვენი სააგენტო აკონტროლებს. მთავარი კი მაინც ბიზნესოპერატორია, რომელიც პასუხს უნდა აგებდეს მის მიერ გამოშვებული სურსათის უვნებლობაზე. მომხმარებელიც უნდა გააქტიურდეს და ხელი შეგვიწყოს. ახლა კი, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ყველას ვთხოვთ ჩვენს ცხელ ხაზს დაუკავშირდეს, რომლის ნომერია: 15-01. გპირდებით - ნებისმიერ თქვენს ზარზე რეაგირება ოპერატიული იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე