ალეკო ელისაშვილი - ”გამწვანება 2016”-მა თბილისის ზღვის მიმდებარედ, 1 ჰექტარი მიწა ისე მიისაკუთრა, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრი არ გადაუხდია

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შპს ”გამწვანება 2016”-მა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწა ისე მიისაკუთრა, რომ ”არც საიჯარო ხელშეკრულება აქვს და ერთი თეთრიც არ გადაუხდია ბიუჯეტში”.

ალეკო ელისაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის უკანონობა და ამას თბილისის მერია არ იმჩნევს.

”შპს ”გამწვანება 2016”-მა ეს ტერიტორია ერთი წლის წინ მიისაკუთრა. ეს არის თბილისის მერიის მუნიციპალური საკუთრება, ქალაქის კუთვნილი მიწა, რომელიც უბრალოდ შემოღობა და იყენებს თავისი სანერგე მეურნეობისთვის და სასაწყობედ, ისე რომ არც საიჯარო ხელშეკრულება აქვს, ერთი თეთრიც არ გადაუხდია ბიუჯეტში. უბრალოდ მივიდა, ერთი ჰექტარი მიწა შემოღობა. ამას არც ზედამხედველობის სამსახური იმჩნევს, რომელმაც წესით მილიონამდე ჯარიმა უნდა დააკისროს და არც მერიის ქონების მართვის სამსახური. მერია საერთოდ არ იმჩნევს, არადა საქმის კურსში არიან. თბილისში გვაქვს მაგალითები, როდესაც ფანჯრის რაფის 5 სანტიმეტრით გაგანიერების გამო მოქალაქეებს 10 000 ლარით აჯარიმებენ, მათ შორის სოციალურად დაუცველებს და აღნიშნულ ფაქტს, ვითომ ვერ ხედავს თბილისის მერია”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო თბილისის მერიის ქონების მართვის და ზედამხედველობის სამსახურის არა ერთი ჩინოვნიკი პასუხისგებაშია მისაცემი.

”აქ ხდება უკანონობა, იმიტომ რომ გამწვანების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და მერიის მაღალჩინოსნები მფარველობენ ამ კომპანიას. ეს კომპანია შეიქმნა შარშან. 2016 წლის 23 აგვისტოს თბილისის მერიამ გამწვანების ოთხი ტენდერი გამოაცხადა, აღნიშნული კომპანია კი 29 აგვისტოს შეიქმნა, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში. კომპანიამ, რომელსაც არც ოფისი აქვს, არც თანამშრომლები ჰყავს, არანაირი ისტორია და გამოცდილება არ ჰქონდა, 3 მილიონამდე 4 ტენდერი მოიგო. დარგო 40 000 ხე და აქედან 10 000 ხე გაუხმა”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია არის ვინმე გარი სვანიძის სახელზე რეგისტრირებული.

”ეს კომპანია რეგისტრირებულია ვინმე გარი სვანიძის სახელზე. ეს პიროვნება, ჩემი ინფორმაციით, არის გიორგი სვანიძის მამა. გიორგი სვანიძემ დაანგრია მირზა-შაფის ქუჩა. გიორგი სვანიძე იყო მშვენიერ ურთიერთობაში წინა ხელისუფლებასთან, ახალ ხელისუფლებასთან და როგორც ჩანს, მამა-შვილი სვანიძეებისთვის ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, მამა-შვილი სვანიძეები ვერაფერს იზამდნენ, მათ რომ არ მფარველობდნენ გამწვანების სამსახური და თბილისის მერიის მაღალჩინოსნები”, - განაცხადა ელისაშვილმა.