თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ვალდებულება 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება

თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადაწევა ხდება - შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს, გამარტივებული წესით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილები შეაქვს, რომელიც გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

ცვლილებების თანახმად, მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ ივლისამდე დაამტკიცოს. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება, ნაცვლად 2018 წლის 1-ელი იანვრისა.

”კანონპროექტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვან შეფუთვასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედებამდე დამატებით შეფასდეს ახალი რეგულაციის ფისკალური ზეგავლენა და ასევე გათვალისწინებული იყოს ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებული საწარმოო პროცესების სირთულე/მრავალფეროვნება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ ადაპტირდნენ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან და არ მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი, რაც მოსალოდნელია იყოს არსებითი”, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერსოა საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა. ”ავსტრალიაში აღნიშნული რეგულაცია შემოღებულია მხოლოდ 2012 წლიდან. თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ასევე ინგლისმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა. მსგავსი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ ევროკავშირის ქვეყნები, მხოლოდ 2020 წლიდან. ამ რეგულაციის დაგეგმვის შემდგომ, არის 2-3 წლიანი გარდამავალი ფაზა, როდესაც ეს ქვეყნები კიდევ აკვირდებიან პროცესებს, თუ როგორია ამ რეგულაციების ზეგავლენა“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მისივე თქმით, ცვლილებები არ ეხება რაიმე ფორმით თამბაქოს მოწევის წახალისებას.

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.