„რეზონანსი" - ტექდათვალიერება 2018 წლის სექტემბერშიც ვერ ამოქმედდება

რეგიონებში ტექდათვალიერებისთვის განკუთვნილი ცენტრების მშენებლობა არ დაწყებულა, არადა, ავტომობილების ინსპექტირებისთვის ბაზა 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა მომზადდეს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შერჩეული შვეიცარიული კომპანია ღიად არ მუშაობს და არ ასაჯაროებს ამ მნიშვნელოვან საკითხებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სავარაუდოდ, ტექდათვალიერების თარიღი კიდევ გადაიწევს, რადგან პროცესი ზედმეტად ბუნდოვანია.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარიული კომპანია SGS SURVEILANCE SA  გაუწევს, რომელიც განაცხადთა განმხილველმა კომისიამ გამარჯვებულად დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე 5 თვე რჩება, არანაირი ცვლილება ტექდათვალიერების ცენტრების მოწყობის კუთხით არ შეინიშნება.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ კომპანიის მუშაობა საკმაოდ ბუნდოვანია და მათი გადაწყვეტილებები, დროის სიმცირის მიუხედავად, ჯერ ცნობილი არ არის. "ეს-ჯი-ესს" სამი მოხსენება აქვს გასაკეთებელი და ჯერ ერთიც არ გაუკეთებია, რის გამოც შეჩერებულია ინსპექტირების ცენტრების მშენებლობა.

"ჩვენ ყველანი ველოდებით შვეიცარიული კომპანიის გადაწყვტეილებას, რომელმაც 1 300 000 ევრო აიღო იმისთვის, რომ სახელმწიფოსთვის მიეცა რეკომენდაცია. დეკემბერში გამოვლინდა გამარჯვებული და, იქიდან მოყოლებული, დღემდე საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ. არც რეკომენდაციისა და არც კონსულტაციის შესახებ არაფერი გაგვიგია. ამ კომპანიის მუშაობა არის დახურული.

არადა, სახელმწიფოს მომავალი გეგმების უმეტესობა, რაც ტექდათვალიერებას მოიცავს, უკავშირდება "ეს-ჯი-ესს". კანონში გვაქვს ჩანაწერი, რომ 1-ლი იანვრიდან უნდა დავიწყოთ პერიოდული ინსპექტირება, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება. შვეიცარიელებს სამი მოხსენება აქვთ გასაკეთებელი და ჯერ ერთიც არ გაუკეთებიათ. არასამთავრობო რგოლი კონსულტაციების გავლასაც კი ვერ ახერხებს ამ კომპანიასთან, რაც სამუშაო პროცესში ვართ ჩართულები. ზოგადად, წარმოდგენა არ გვაქვს, რას გეგმავენ.

შვეიცარიელმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ, როგორ უნდა იყოს პრესცენტრი მოწყობილი, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მეორე მხრივ კი, ნათელყოს თავად პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს მანქანების ტექდათვალიერება და ინსპექტირება. მთელი სქემის განხორციელება მათზეა დამოკიდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, არავითარი სიახლე არ გვაქვს.

ამჟამად ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის ცენტრები, რომლებიც ტექდათვალიერების პროცესს მოემსახურებიან. აუცილებელია დამატება, ახლის აგება. პირადად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ინვესტიციაა შეჩერებული იმის გამო, რომ ეს კომპანია არაფერს აქვყნებს.

ინვესტორმა, აუცილებელია, იცოდეს, რა სტანდარტის ცენტრი უნდა ააშენოს. ძალიან ცუდი იქნება, დღეს მოაწყონ სპეციალური შენობა-ნაგებობა და მერე მოულოდნელად უთხრან, რომ შეცდომით გააკეთეს და მთლიანად გადასაკეთებელი გაუხდეთ. მსგავსი დამოკიდებულება, ბუნებრივია, აფრთხობს ინვესტორს", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს მოქმედი წესის ნაკლოვანებაზეც. მაგალითად, 187 000 მძიმეწონიან მანქანას 2004 წლიდან დღემდე უნდა გაევლო ტექდათვალიერება და აქედან მხოლოდ 14%-მა მიმართა ინსპექტირების ორგანოს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მესხიშვილის თქმით, ტექდათვალიერების დაწყებამდე, აუცილებელია, განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება და პროცესში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"როდესაც ამბობენ, რომ ტექდათვალიერება შეჩერდა 2004 წელს, ეს ეხებოდა მსუბუქ ავტომობილებს. ნებისმიერ შემთხვევაში 3,5 ტ ან მეტი წონის ავტომობილებისთვის შემოწმება სავალდებულო დარჩა დღემდე. ამიტომ ეს პროცესი არ შეწყვეტილა 187 000 ავტომობილისთვის. ისინი დღეს უნდა გადიოდნენ ტექდათვალიერებას, მაგრამ მათგან მხოლოდ 14%-ია შემოწმებული.

ესეც პრობლემის პირველი ნიშანი, ანუ მომავალში ჩვენ შეიძლება დავდგეთ კანონის აღსრულების წინაშე. აგრეთვე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ აღვკვეთოთ კორუფცია ამ სისტემაში. ელექტრონულად ყველაფერი ისეთ დონეზე უნდა იყოს მოწყობილი, რომ კორუფციის რისკი ნულამდე დავიდეს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის დაწყება, რომლის მეშვეობითაც მძღოლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება, ანუ ვინ არის რეფორმაზე პასუხისმგებელი; მეორე - "ეს-ჯი-ეს-მა" გახსნას სამუშაო პროცესი და ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი; მესამე - უნდა ამუშავდეს ეს მოდელი, რომ არ იყოს კორუფცია.

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ პირველ იანვრამდე ტექდათვალიერების ამოქმედება ვერანაირად ვერ მოესწრება. 2018 წლის 1-ლი სექტემბერი არის სულ ბოლო თარიღი, თუმცა ამ ტემპით, როგორითაც ახლა მივდივართ, იმ დროისთვისაც ვერ მოესწრება. არაფერი მზად არ არის. ამას გარდა, ყველაფერზე მიმართავენ აკრედიტაციის ცენტრს. იგი სისტემის შექმნა-ჩამოყალიბებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი და არ არის მისი კომპეტენცია", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"