"2017 წლის რთველზე კახეთში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, რაჭა-ლეჩხუმში კი შენარჩუნდება"

2017 წლის რთველზე კახეთის რეგიონში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, აღნიშნული შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2017 საქართველოს მთავრობამ 2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი საწარმო (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, აქტიურად მიმდინარეობს საქსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტაბილურად მზარდია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექპორტის ტენდენცია და, შესაბამისად, კომპანიების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და, განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან - დაცული ადგილწარმოშობა - გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი”, - განაცხადა დავითაშვილმა.