დავით ნარმანია - მერია ყველა მშენებლობას თავზე ვერ დაადგება - მშენებელი უნდა მოეკიდოს საქმეს პასუხისმგებლობით

თბილისის მერია ყველა მშენებლობას ყოველდღიურად თავზე ვერ დაადგება. მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საქმეს, რასაც ქვია სადემონტაჟო და საამშენებლო სამუშაოები“ , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მერმა კომენტარი გააკეთა გუშინ, მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია „რეალ გრუპის“ აწარმოებს, მუშის დაღუპვის ფაქტზე.

დავით ნარმანიას თქმით, კანონმდებლობით სამშენებლო ნორმების გამკაცრება აუცილებელად უნდა მოხდეს, თუმცა არსებულ წესებს მხოლოდ ცალკეული, კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიები იცავენ.

„მაქსიმალურად ყველამ უნდა დაიცვას მშენებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები. თუმცა ხშირ შემთხვევაში მშენებლები, გარდა ცალკეული კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიებისა, არ ემორჩილებიან იმ წესებსა და ნორმებს, რომელიც არსებობს. ამიტომ, ერთის მხრივ ნორმებიც უნდა გადაიხედოს და მეორეს მხრივ, მე ყოველთვის ვაძლევ დავალებას ზედამხედველობის სამსახურს, ორი-სამი კვირის წინაც მქონდა ასეთი დავალება მიცემული - ვიყოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრები. ზედამხედველობის სამსახური ასრულებს ამ მითითებებს. სამწუხაროდ, არის მაინც ცალკეული შემთხვევები, როცა უგულებელყოფენ შესაბამის წესებს და სავალალოდ მთავრდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. განსაკუთრებით მშენებლებმა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ყველა მშენებლობას ყოველდღიურად თავზე ვერ დაადგება.

„მშენებელი უნდა იყოს დაინტერესებული და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმ საქმეს, რასაც ქვია სადემონტაჟო და საამშენებლო სამუშაოები. გუშინდელი შემთხვევა განსხვავებული იყო, როდესაც თანხმობა არ ქონდა დემონტაჟთან დაკავშირებით და თვითნებური დემონტაჟი მიმდინარეობდა“, - განაცხადა ნარმანიამ.