"უფასო სასადილოებში საგანგაშო ფაქტი გამოვლინდა"

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე უფასო სასადილოების დაჯარიმების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც "ახალმა საქართველომ" საკითხის შესახებ მონიტორინგი განახორციელა. ვაშაძე თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.

"უფასო სასადილოებში გამოვლინდა საგანგაშო ფაქტი. სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, საკვები პროდუქტი, რომელიც გამოიყენება უფასო სასადილოებში საკვებისთვის, სახიფათოა. კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას უწევენ მომსახურებას, დაჯარიმდნენ კანონით გათვალისწინებული ნორმის ფარგლებში. ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმ ფაქტს, რომ ეს საკვები არის უვარგისი და არ შეესაბამება არანაირ ნორმას. ამჯერად, ეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც დაასასტურა. შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ ამ თემით დავინტერესდით. ჩავატარეთ რამდენიმეთვიანი მონიტორინგი, გავესაუბრეთ ბენეფიციარებს. ეს არის კორუფციული სქემა, რომელიც აწყობილია თბილისის მერიის მიერ. არ შეიძლება მაღალჩინოსნები მდიდრდებოდნენ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. ეს ფული უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 1 თვის წინ გვქონდა მასშტაბური მონიტორინგი ერთდროულად 20 უფასო სასადილოზე. ჩვენ ამ თემაზე ვაგრძელებთ მუშაობას და საქმეს მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დაჯარიმებულ ბიზნესოპერატორებს, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან: შპს "ილი ჯგუფი", შპს "ნილი", შპს "ჩიხურა" - ჭიათურა, ი.მ "თამარ ჭურაძე", ი.მ "თამაზ სიხარულიძე".

"ასევე, სახელმწიფო კონტროლის დროს გაცემული არაკრიტიკული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმდნენ: შპს "ნილი" - გაბრიელ სალოსის #105-ში და შპს "ნილი" - მ.ლაღიძის #6-ში.

"ახალმა საქართველომ" რამდენიმე თვის წინ გამოავლინა, უფასო სასადილოების მასშტაბური კორუფციული სქემა. პარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები უკვე გადაეცა პროკურატურას, თბილისის მერიასა და აუდიტის სამსახურს", - აცხადებენ "ახალ საქართველოში".