როგორია ბუნებრივი აირის ხარისხი საქართველოში?

ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარისხი მრავალჯერ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. განსაკუთრებით მწვავდება ეს ეჭვი ზამთარში, როდესაც მოსახლეობა გამათბობლებს და გაზქურებს ინტენსიურად იყენებს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია - ეს ქვეყანა ბუნებრივი აირის 94%-ს გვაწვდის. მომხმარებლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს ძალიან დაბალი ხარისხის გაზია.

როგორც ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ამბობს, იურიდიულად ვერ დავადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირი უხარისხოა თუმცა გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით არსევბობს.

ანზორ ჭითანავა:

„ყველა სპეციალისტმა იცის, რომ რუსული გაზი სულ სხვა ხარისხისაა, ირანული - სხვა, ხოლო აზერბაიჯანული - სულ სხვა. ყველაზე ყუათიანი ირანის გაზია, რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი გაზიც უფრო დაბალი ხარისხისაა და ნავთობიც. ჩვენ ამ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და აზერბაიჯანელები ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში გვაწვდიან. მართალია, აზერბაიჯანის გაზი ხარისხით ირანის და რუსეთის გაზს ჩამორჩება, მაგრამ ფასი შედარებით დაბალია, რაც ბევრს ნიშნავს. ერთხანს კალორიულობაზეც იყო ეჭვი, მაგრამ არსებობს მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ გაზის კალორიულობა ჩვენთან წესრიგშია. ეჭვს დასაბუთება სჭირდება და იმის თქმა, რომ ვიღაც ამ გზით ფულის გაკეთებას ცდილობს, რთულია. მით უმეტეს, მე ვესწრები მარეგულირებელი კომისიის სხდომებს და ვიცი, რომ „სემეკი“ საკმაოდ ობიექტურად და საფუძვლიანად შეისწავლის მსგავს საკითხებს“.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია კი აცხადებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ყოველთვის გამოთქვამდა პრეტენზიას ბუნებრივი აირის ხარისხის გამო.

„გასულ ზამთარს მომხმარებლები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ ბუნებრივი აირი ბინას სათანადოდ არ ათბობდა და გადასახადიც მეტი მოდიოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი კალორიულობაზე, რასაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სემეკი“ სისტემატურად ამოწმებს. გაზის კალორიულობის დასაშვები ნორმა არის 7600 კკალ. 1მ. კუბ. ბუნებრივ აირზე. შემოწმების შედეგებმა კი - 8400 კალორია აჩვენა ანუ კალორიულობა არაფერ შუაშია. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები მასობრივად ჩიოდნენ, რომ ნაკლები გაზის მოხმარების შემთხვევაშიც კი უფრო მეტი თანხის გადახდა უწევდათ. ასე რომ, ეჭვი ძალაში რჩება და ეს გასაკვირი სულაც არ არის: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კონკურენციის სააგენტომ არაერთი კომპანია კარტელურ შეთანხმებაში ამხილა და დააჯარიმა. ასეთი კომპანიებისგან მოსალოდნელია, რომ მოგების მისაღებად მაქინაციური გზები გამოიყენონ“, - ამბობს კემულარია.

ამ საკითხის შეფასება ბიზნესომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილსაც ვთხოვეთ, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობისგან ხშირად ისმენს პრეტენზიებს ბუნებრივი აირის კალორიულობასთან დაკავშირებით.

სალომე ვარდიაშვილი:

„ ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში ნათლად ჩანს, რომ გაზის ხარისხი თბილისში შესაბამის ნორმებს და სტანდარტებს არ შეესაბამება. მოსახლეობა თვითონაც ხვდება, რომ ბუნებრივ აირს რაღაც პრობლემა აქვს. ამის გამო ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ გაზის ტრანსპორტირების კომპანიას და „ყაზტრანსგაზს“. ამასთან ერთად, რეგიონებში მიწოდებული გაზის ხარისხი შევადარეთ თბილისის გაზის ხარისხს და დავრწმუნდით, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა: ელემენტარულად, გაზქურაზე ჩაიდანი რომ დადგათ, რეგიონში ბევრად უფრო სწრაფად ადუღდება, ვიდრე თბილისში.

გაზმომარაგების სპეციალისტები ფიქრობენ და ჩვენც ვეთანხმებით, რომ მეტი დანახარჯი უფრო წნევის ბრალია და არა - კალორიულობისა. მოგეხსენებათ, „ყაზტრანსგაზის“ ინფრასტრუქტურა მოძველებულია, თბილისში უფრო ნაკლები ინვესტიციაა განხორციელებული და ამ კომპანიას უჭირს წნევის რეგულაცია, რაც თავისთავად აისახება ხარისხზე. „სოკარის“ და „საქორგაზის“ ინფრასტრუქტურა კი, ახალია. სწორედ ამიტომ, გაზის ტარიფი უფრო მეტად გაძვირდა რეგიონებში, რადგან იქ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა. დედაქალაქში კი, ძველი ინფრასტრუქტურა დარჩა, რომელიც წინა საუკუნეშია აშენებული და სათანადოდ ვერ ემსახურება მოსახლეობას. ინვესტიციების განხორციელება აუცილებელია, რომ დედაქალაქში ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. კალორიულობას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყოველდღიურად ამოწმებს და დადებით პასუხს გვაწვდის. ამიტომაც, ეჭვი წნევაზე გვქონდა და გვაქვს.

რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა პრეტენზიით და სპეციალისტებმა გაზის წნევა „სემეკის“ აპარატის წევრებთან ერთად გაზომეს. აღმოჩნდა, რომ მართლა დაბალი იყო. როდესაც წნევა დაბალია, ბუნებრივი აირის მოხმარებაც მატულობს და მომხმარებელს უფრო მეტი თანხა ერიცხება. სამწუხაროდ, ხარისხის კონტროლი ჩვენთან მაღალ დონეზე არ მიმდინარეობს. ეს საკითხი „სემეკმა“ აუცილებლად უნდა მოაგვაროს. როგორც ვიცი, მარეგულირებელი კომისიაში ამაზე მსჯელობენ და კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასაც აპირებენ“.

ხათუნა ჩიგოგიძე