საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 149 ბოთლი კონიაკი HENNESSY XO - სა და 6 ბოთლი ვისკის JACK DANIELS-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება 46 460 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით, - ნათქვამია ინფორმაციაში.