ენერგოომბუდსმენი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ რეკომენდაციით მიმართავს მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა

ენერგოომბუდსმენი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ რეკომენდაციით მიმართავს მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა. როგორც  ენერგოომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დაფიქსირდა მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობა თბილისის სხვადასხვა უბნებიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ხშირად უწყდებათ წყალმომარაგება. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი ვაზისუბანში.

”ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც მოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეუფერხებელი წყალმომარაგება, კომპანიის მხრიდან მომსახურების შეწყვეტას სისტემატიური ხასიათი მიეცა.

ენერგოომბუდსმენის სამსახური დადებითად აფასებს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რაც მომავალში მკვეთრად შეამცირებს წყალმომარაგების კუთხით წარმოქმნილ პრობლემებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გონივრული გრაფიკების შემუშავება, ვინაიდან ხანგრძლივი გეგმური სამუშაოები უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე, რაც შეეხება დაზიანებებს, ის აღმოფხვრილი უნდა იყოს უმოკლეს ვადებში.

საზოგადოებრივი დამცველი რეკომენდაციით მიმართავს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა.

დამცველის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები სათანადო შესწავლის და რეაგირების მიზნით, ასევე, გადაეცემა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას”, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.