რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, რომელმაც საქართველოში ლატარიის ჩატარების უფლება 2027 წლამდე მოიპოვა

1 სექტემბრიდაან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.

საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა - გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღო.

ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ აქვს, რომელიც საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან წყვეტს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი გახდა სახელმწიფო. ამ დრომდე უცნობია თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ წილს - დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელობაში გადავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლატარიის კომპანიის 70%-იან წილთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამის უწყებებს შორის, რომელთა დასრულების შემდგომაც, შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“.

რაც შეეხება ტენდერის პირობებს, ლატარიის ორგანიზატორმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაიხადოს არანაკლებ, 5 000 000 აშშ დოლარი. ამასთან, კომპანია ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 8%. ასევე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 2 800 000 აშშ დოლარს.

კომპანია „ჯი ენ ელ“-ი გასული წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის მომენტში კომპანიის 100%-იან წილს მისი მოქმედი დირექტორი ლევან ხუნდაძე ფლობდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელები უკვე ბულგარეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება New Games და შპს „ვინ“ არიან, რომლებიც იმ დროისათვის 50%-50%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის 2017 წლის 20 ივლისის მონაცემებით კი, New Games-ი კომპანიის 25%-იანი წილის; ხოლო „ვინ“ 75%-იანი წილის მფლობელები არიან.

New Games-ი ბულგარეთის ლატარიის ეროვნული  კომპანიაა. რაც შეეხება კომპანია „ვინ“-ს, რეესტრში ის 2016 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიაა. რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ გენერალური დირექტორია, რომლის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია ფლობენ. სამივე მათგანი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის „კავკასუს ონლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

თავის მხრივ, „სი ბი ეს ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არიან: „კავკასუს ონლაინი“, „ბილაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი სარესტორნო ქსელის მმართველი კომპანია „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, სასტუმრო „ინტურისტი“ და ა.შ.

რეესტრის მონაცემებით, ღურწკაია ასევე ფლობს 80%-იან წილს კომპანია „ჯეო ტოტო“-ში; „იმპექს სერვისის“ 10%-იან წილს; „ფორტუნა-ბათუმის“ 25%-იან წილს. ასევე არის შპს „სფოთ ფოინთ“-ის დირექტორი, რომლის მფლობელები ხვიჩა მაქაცარია და თემური კობახიძე არიან.

შპს „ჯი ენ ელ“-ს საქართველოში ლატარიის ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლება 2027 წლამდე აქვს.