"რეზონანსი" - "წყლის ხშირი გათიშვის გამო GWP-ის, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს"

ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის გამუდმებულ შეწყვეტას მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებს. გახშირებულმა ფაქტებმა ენერგოომბუდსმენის გაღიზიანებაც გამოიწვია, რომელიც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (GWP) რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა. სალომე ვარდიაშვილმა რეაგირებისათვის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასაც მიმართა, რომლის ოფიციალური პოზიცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. გამორიცხული არ არის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ფინანსური სანქციაც დაეკისროს.

ენერგოომბუდსმენის აპარატი შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" მიმართავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს დედაქალაქში შექმნილი მდგომარეობა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში გახშირდა მომხმარებელთა მიმართვა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ხშირად უწყდებათ წყალმომარაგება. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ვაზისუბანსა და ავჭალაში.

"ენერგოომბუდსმენის სამსახური დადებითად აფასებს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რაც მომავალში მკვეთრად შეამცირებს წყალმომარაგების კუთხით წარმოქმნილ პრობლემებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გონივრული გრაფიკის შემუშავება. ხანგრძლივი გეგმური სამუშაოები უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე. რაც შეეხება დაზიანებას, ის აღმოფხვრილი უნდა იყოს უმოკლეს ვადებში", - აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში და მიმართავენ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა.

შესული პრეტენზიები სათანადო შესწავლისა და რეაგირების მიზნით გადაეცა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. თუკი სემეკმა სალიცენზიო ნორმების დარღვევა დაადასტურა, კომპანიას, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აწარმოებს, თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ამისთვის აბსოლუტურად არასწორი დროა შერჩეული.

"საქმე ისაა, რომ კომპანია გეგმურად ახორციელებს 2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რასაკვირველია, ამას მივესალმებით და დადებითად ვაფასებთ. გეგმის წარმოდგენისთანავე ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს აუცილებელი და გარდაუვალია, ვინაიდან წყლის ინფრასტრუქტურა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ აუცილებელია რეაბილიტაცია. სამუშაოები რაც უფრო მალე ჩატარდება, რა თქმა უნდა, უკეთესია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში დაზიანებებები და ავარიები. ეს პროცესი მომსახურების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მაგრამ მიმდინარე ზაფხული უკიდურესად ცხელია და მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია წყლის ხშირი შეწყვეტის გამო. 40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა სრული კატასტროფაა, თანაც საუბარია გეგმურ შეზღუდვაზე, რის გამოც მოსახლეობა 8-12-საათიანი ინტერვალით რჩება უწყლოდ. ეს დაუშვებელია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს გონივრული გრაფიკი იმგვარად, რომ არ აისახოს მომხმარებელზე ცუდად. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ავარიასა და დაზიანებას, რაც სპონტანურად ხდება და წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია", -აცხადებს ვარდიაშვილი.

მისი თქმით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრობლემით სემეკიც დაინტერესდა და მალე შესაბამისი რეაგირებაც იქნება.

"ჩვენი გაღიზიანება განსაკუთრებით გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ცალკეულ უბნებში, მაგალითად, ვაზისუბანსა და ავჭალაში, განსაკუთრებით ხშირად და დიდი დროით იზღუდება წყალმომარაგება. ყოველდღიურად ვახდენთ ინტერნეტ სივრცის მონიტორინგს, რათა არ გამოგვეპაროს, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე განსაკუთრებით მწვავე პრობლემა. სოციალურ ქსელშიც ეს უბნები გამოიკვეთა განსაკუთრებული დისკოფორტის ზონებად უწყლოდ დარჩენის გამო. ამ საკითხებზე საქმის კურსში ჩავაყენეთ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი მიზანი მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაა და არა სანქციები, თუმცა, შესაძლოა, ეს ზომაც იქნეს გამოყენებული", - აცხადებს "რეზონანსთან" სალომე ვარდიაშვილი.

ლალი ნონიკაშვილი ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ წყლის შეწყვეტა მის უბანში ისედაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა და თითქმის მიეჩვივნენ კიდეც, მაგრამ როცა ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, რამდენიმესაათიანი გათიშვაც კი უდიდესი პრობლემაა.

"წყლის გადაკეტვა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. როცა "ჯივიპიში" ვრეკავთ ან საიტზე ვწერ, მეუბნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა. არ ვიცი, რით ვერ დამთავრდა ეს რეაბილიტაცია და რა ვერ შეაკეთეს. ამ სიცხეში უწყლოდ დატოვება სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია", - განაცხადა ლალი ნონიკაშვილმა.

"რეზონანსი" დაუკავშირდა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსაც", სადაც კომენტარზე ჯერჯერობით უარი გვითხრეს. სავარაუდოდ, კომპანიის ოფიციალური პოზიცია მალე გახდება ცნობილი.

"რეზონანსი" ჯერ კიდევ 27 ივლისს წერდა მაღალი ტემპერატურის დროს წყლის გათიშვის თაობაზე. მაშინ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შემოიფარგლა პასუხით, რომ "სამუშაოები გეგმურია, ხოლო რაც შეეხება წყლის ხშირ გათიშვას, ინფორმაცია წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და წინასწარ ეგზავნება მომხმარებელს ინფორმაცია". როგორც ჩანს, წყალმომარაგების კომპანია სულაც არ აპირებს პრობლემის აღიარებას.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"