2 წელში თაფლის ფასი 3.2 ლარით გაიზარდა

2015 წლის მარტიდან ორი წლის განმავლობაში თაფლის ფასმა 1კგ-ზე 3,2 ლარით, 13,7 ლარიდან 16,9 ლარამდე მოიმატა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში 20 ლარზე ოდნავ უფრო მეტად გაიზარდა ფუტკრის 1 ოჯახის ღირებულებაც და 2017 წლის მარტში ერთი სკის საშუალო ფასმა 270 ლარი შეადგინა.

„საშუალოდ, დაკვრივების 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში, 1 კგ თაფლის ფასის 1 ლარით ცვლილება ფუტკრის 1 ოჯახის ფასის 5,3 ლარით ცვლილებასთან იყო დაკავშირებული; ფუტკრის ოჯახები კი შედარებით ძვირად იყიდებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (დაახლოებით, 309 ლარი/ერთეული) და შედარებით იაფად - სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის რეგიონში (დაახლოებით 236 ლარი/ერთეული)“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2015 წლის მარტიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, თაფლის სამომხმარებლო ფასები საკმაოდ განსხვავებული იყო ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. სამომხმარებლო ფასი საშუალოდ, ყველაზე დაბალი იყო კახეთში (12,7 ლარი/კგ), ყველაზე მაღალი კი ქვემო ქართლში (17,6 ლარი/კგ).

რაც შეეხება ფასების განსხვავებას უშუალოდ 2017 წლის მარტში, თაფლი ყველაზე ძვირი 17,4 ლარი/კგ ღირდა აჭარაში, ხოლო ყველაზე დაბალი - კახეთში (12,8 ლარი/კგ).

როგორც კვლევაშია აღნიშნული, თაფლის ფასები მათი სახეობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. კერძოდ, 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე, შედარებით ძვირად ღირებული იყო წაბლისა და ალპური თაფლი, ხოლო შედარებით იაფი - აკაციისა და მდელოს თაფლი.

FAO-ს მონაცემებით, 2000-2015 წლებში თაფლის მწარმოებელთა ფასები გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში, მაგრამ, ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოში თაფლის ფასების ზრდის ტემპი უფრო მერყევი იყო.

აღნიშნულ 15-წლიან პერიოდში, საქართველოში არსებული შედარებით დაბალი ფასი თანდათან დაუახლოვდა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს და 2015 წელს ქართველი მეფუტკრეები 1 ტონა თაფლს 6 368 დოლარად ყიდდნენ, რაც 22 დოლარით აღემატებოდა იმავე წელს ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.