ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა

31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 7609 გადამხდელი შემოწმდა.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 97 ფაქტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 84 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 795 ფაქტი.