„ახალი საქართველო“ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს

”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს, საპენსიო ასაკი, ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში 60 წელი უნდა იყოს.  „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკში განსხვავება სრულიად დისკრიმინაციული მიდგომაა.

„ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ პროცედურას და მოვითხოვთ ასაკის გათანაბრებას. მიმაჩნია, რომ ეს ასაკი უნდა იყოს 60 წელი. ამისთვის, პირველ რიგში, ჩვენ შევაგროვებთ 30 000 ხელმოწერას. შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ეს არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. განვითარებულ ქვეყნებში, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი არის გათანაბრებული. ის ნორმა, რომელიც დღეს ჩვენს კანონშია, არის დისკრიმინაციული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინივიატივა, საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით ”ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, ისინი იმუშავებენ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ეხებათ.

”ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის დისკრიმინაციული როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქალთა ორგანიზაცია, ვმუშაობთ არაერთ პრობლემურ საკითხზე. ქალთა ორგანიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქალებისთვის პრობლემატურ თემებზე მუშაობას. ეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის დისკრიმინაციული. ჩვენ ვითხოვთ რეალურ თანასწორობას. ორივე შემთხვევაში საპენსიო ასაკი უნდა იყოს 60 წელი და ამისთვის ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს. ხელმოწერებს შევაგროვებთ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

„ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაზე, სასამართლოში წარსადგენ საკონსტიტუციო სარჩელს იურისტი მარიკა არევაძე მოამზადებს.