კახა კალაძე - ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს

ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე პარკირებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება როგორც მძღოლების, ისე ქვეითთა ინტერესები.

”მინდა შევეხო ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, რომელიც ძალიან აწუხებს თბილისელებს და თბილისს - ეს არის პარკირება. როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც რეალურად თბილისელებს მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისში საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა და თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მე მესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია, შეიძლება ითქვას, რომ აქ პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტია. ხშირად ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან კომპანიის გაშვებაზე, რაც მგონია, კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეალურად ეს იქნება თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა რეალურად იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს.

”მე მგონია, რომ საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა. მე მგონია, რომ სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება მათი უფლებები დაცული. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ მთლიანად იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ის, რაც თბილისელებს სჭირდებათ. ეს იქნება პარკინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაწილია”, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.