მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება დაამტკიცა

მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, სააგენტოს მიზნებია: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება; კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების მასობრივი გადინების პრევენცია.

დებულების თანახმად, სააგენტომ უნდა განსაზღვროს ან/და მიიღოს პირველადი, რეგულარული და სპეციალური სადაზღვევო შენატანები და უზრუნველყოს მათი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში (შემდგომში – ფონდი) აკუმულირება; განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი მოზიდვა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით.

სააგენტოს მართვის მიზნით შეიქმნება საბჭო, რომელიც 5 წევრისაგან შედგება. საბჭოს წევრები : ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი. საბჭოს 1 წლით როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება, იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში კომერციული ბანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი. დამოუკიდებელ წევრებს კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით ირჩევენ, ხმათა უბრალო უმრავლესობით. თითოეულ კომერციულ ბანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკების 2/3 მონაწილეობს. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს ეროვნული ბანკი.

საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. რომლის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით განისაზღვრება.

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება. ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნა შეზღუდული არ არის. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსით.

ამასთან, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, სააგენტო ვალდებულია, ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, კვარტალური და წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს დებულება, ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და გარე აუდიტორის ანგარიში. ამასთან, სააგენტო ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში გადაუგზავნოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; გრანტები; შემოწირულობები; ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები; სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; ფონდის სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.