რა ხდება „თბილისი მოლის“ კარფურში - რატომ დაჯარიმდა სუპერმარკეტი?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურის“ საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა.

ინფორმაციას ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

როგორც სეს-ის მიერ ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, ჰიპერმარკეტის საწარმოში ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები არ იყო დაცული.

„კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროში კი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა,“- ვკითხულობთ წერილში.

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი გულისხმობს, ისეთი შეუსაბამობას, რომლის დროსაც ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები აღმოჩენილია და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია. კოდექსის ამ ნაწილის თანახმად, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.

აღსანიშნავია, რომ momxmarebeli.ge ჯერ კიდევ წინა თვეში წერდა, რომ „კარფურში“ ორი სახის ტკბილეულს სიძველის გემო და სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი ჰქონდა. კერძოდ, საუბარია, შპს „ვასაძის პურის“ წარმოებულ „სანდომი ვაფლსა“ და „GEO BACKERS პეჩენიაზე“. თუმცა, momxmarebeli.ge-ს ცნობით, როგორც ჩანს, „კარფურის“ საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი ეს არ ყოფილა.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შპს „ვასაძის პურისა“ და შპს „ჯეო ბეიკერსის“ საწარმოებიც შემოწმდა. რის შედეგადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.

იხილეთ ასევე:  „კარფურში“ ზოგიერთ ტკბილეულს სიძველის გემო და ნავთობპროდუქტების არომატი აღმოაჩნდა