ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა და კორექტირება ყოველწლიურად აღარ მოხდება

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში ცვლილებები შეიტანა.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის წარმოებისა (ჰიდროგენერაცია) და გადაცემის ლიცენზიატებს ტარიფები რეგულირების 3 წლიან პერიოდზე დაუდგინდებათ. კომისია კი რეგულირების პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მათთვის ტარიფების გაანგარიშება 3 წლიან პერიოდზე 2014 წლიდან ხდებოდა, თუმცა ყოველწლიურად ხდებოდა ტარიფის კორექტირება და ახალი ტარიფების დადგენა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, განაწილების ლიცენზიატებისთვისაც, რეგულირების პერიოდის დასრულებამდე კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას.