ბორჯომის მე-19 საუკუნეში აშენებულ ჰიდროელექტროსადგურში მუზეუმი მოეწყობა

ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰიდროელექტროსადგურის აღსადგენად ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გადასახადების გარეშე – 90 000 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური ორმაგ ფუნქციას შეასრულებს: პირველი, როგორც მუზეუმი და მეორე, როგორც თანამედროვე ჰიდროელექტროსადგური.

„აღდგენილი ჰესის შენობის ერთ ნაწილში მოეწყობა პირვანდელი სახის სამუზეუმო სექცია ჰესის დაფუძნების დროინდელი ტურბინა-გენერატორისა და სხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების დემონსტრირებით, ხოლო ჰესის შენობის მეორე ნაწილში განთავსდება თანამედროვე ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები, რომლის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგია ჩაირთვება საქართველოს ენერგო სისტემაში,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი 31 აგვისტოს დასრულდება.

ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ყოფილ რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უძველესი ჰიდროელექტროსადგურია, ექსპულატაციაში 1899 წლის 15 იანვარს შევიდა.