რა უნდა ვიცოდეთ sarahah-ის შესახებ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს აფრთხილებს

აპლიკაცია Sarahah, რომელიც ანონიმური შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლევა, ბოლო რამდენიმე დღეა სოციალური ქსელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, აპლიკაციის დახმარებით ანონიმური შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების მსურველთა რიცხვი უკვე 300 მილიონს აჭარბებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აღნიშნულ აპლიკაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ურჩევს, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე: ყურადღებით გაეცნონ აპლიკაციის წესებსა და პირობებს.

„გააანალიზეთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენ მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ. შეაფასეთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და ინფორმირებული არჩევანი გააკეთეთ,“-ნათქვამია განცხადებაში.

აპარატი მოქალაქეებს აპლიკაციის წესების შესახებაც აწვდის ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რთული სათქმელია, აპლიკაციის მომხმარებლებიდან რამდენი გაეცნო აპლიკაციის წესებსა და პირობებს (Terms and Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (Privacy Policy) სანამ „ვეთანხმები“ ღილაკს დააჭერდა.

რა წერია Sarahah-ის წესებსა და პირობებში?

აპლიკაცია აცხადებს, რომ ყველა მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ეთიკის ფარგლებში და თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან. საიტი იტოვებს უფლებას დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი და წაშალოს ნებისმიერი მესიჯი ან ანგარიში, თუ ამას ვებ-გვერდის მენეჯმენტი საჭიროდ მიიჩნევს. Sarahah ასევე, უფლებას იტოვებს მოგწეროთ e-mail-ები, მათზე უარის თქმის შესაძლებლობით.  

მოკლე ჩამონათვალის ბოლოს 2 საყურადღებო პუნქტია. პირველი მათგანი წესებისა და პირობების ცვლილებას ეხება, მეორე კი აპლიკაციის პასუხისმგებლობას ზიანთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს აპლიკაცია.

ის, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით.

„ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან და Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.

რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს.

ამავე დროს კი აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად.“

ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიჰყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

„ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში“ ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: „ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში.“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?

ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს Sarahah-ის მომხმარებლებს აწუხებთ. ამას ადასტურებს აპლიკაციის ვებგვერდზე გამოტანილი ხშირად დასმული კითხვებიც (FAQ), სადაც ეს შეკითხვა ნომერ პირველია.

„Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული (logged in) მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე“ - პასუხობს აპლიკაცია.

აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.

ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. „Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.“ - ამბობს ვებგვერდი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე: ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზოთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასოთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი,“-ნათქვამია განცხადებაში.