„ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა“

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მას შემდეგ რაც კალაძემ ხრუშოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა გააჟღერა, დაიძრა ყველა ბოლო არჩევნებში დამარცხებული „უძლეველი არმადა“ და მისი მოციქულები კალაძის წინააღმდეგ. თქვეს რომ ეს უტოპიაა, რომ ამ პროექტს თბილისის კი არა ამერიკის ეკონომიკაც ვერ გასწვდება. ზოგმა ხრუშჩოვკების მოსალოდნელი დემონტაჟის თანხა „დაითვალა“ და მთელი საქართველოს ტოტალური გაღარიბების გრძელვადიანი პროგნოზიც კი დადო კვარტლების მიხედვით.

ჰოდა დამაინტერესა, ყველაზე ხარჯიანი სცენარის შემთხვევაში, თბილისის ეკონომიკის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ამ პროგრამის განხორციელებას სინამდვილეში.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი თბილისზე მოდის. რაც თანხობრივად 6-7 მილიარდი დოლარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში სულ 512 „ხრუშოვკაა“ სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს. წარმოვიდგინოთ ყველაზე რადიკალური სცენარი ხარჯის სიჭარბის თვალსაზრისით, ანუ რომ ერთ ოჯახზე გაანგარიშებით დანახარჯმა 80 000 დოლარი შეადგინოს, ანუ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების სრული პროგრამა ყველაზე მაქსიმალისტური გათვლით 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს.

ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ კალაძემ მერობის პირველ 4 წელიწადში ეტაპობრივად “ხრუშოვკების”ერთი მესამედის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რომლისათვისაც 333 მილიონი დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან უნდა მოახერხოს . (მართალია ამას 300 მილიონზე გაცილებით ნაკლები თანხა დაჭირდება, მაგრამ მაინც)

სტატისტიკა გვეუბნება, რომ 4 წელიწადში ხრუშოვკების ერთი მესამედის ჩანაცვლების ხარჯი თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1,3%-ია,“ - წერს დუნდუა.