რაჭაში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება

რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.

როგორც ამბროლაურის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გზა ტყეზე გადის და მისი რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. დღეს, 12:00 საათზე კი შესაძლებელი გახდება 3 სოფელთან ამ გზით დაკავშირება.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე შევძელით ალტერნატიული გზის მოძებნა ლიხეთთან, აბართან და ურავთან დასაკავშირებლად. გზის რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ და ორშაბათს, 12:00 საათზე დასრულდება. შესაბამისად, სამივე სოფელთან დამაკავშირებელი გზა ისევ იქნება", - განაცხადა მალხაზ ლომთაძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან ლიხეთთან, აბართან და ურავთან დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.