პოლიტიკური დაძაბულობის განელებამ სააქციო ბაზრები გამოაცოცხლა

შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის შედარებით განალების კვალობაზე, სააქციო და საფონდო ბაზრებს გამოცოცხლება დაეტყო.

აზიური კომპანიების აქციებმა და ამერიკულმა საფონდო ფიუჩერსებმა ზრდა დაიწყო. აქციების ფასების ზრდა შეინიშნება ევროპაშიც, სადაც „სტოქს იუროპ 600-ს“ ბოლო ოთხ დღეში პირველი ზრდა ჰქონდა. ზრდა დაფიქსირდა ავსტრალიის, ჰონ კონგისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეც.

ამავდროულად, ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა ბიტკოინმა. საინტერესოა, რომ ამერიკის სააქციო ბაზარმა ზრდა ჯერ კიდევ პარასკევს დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკაში ინფლაციის მოსალოდნელზე უარესი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა. ამის გამო, ინვესტორებმა ყურადღება ნაწილობრივ ისევ აქციებზე გადაიტანეს. იმავდროულად, მათთვის ყველაზე მიმზიდველად ისევ ისეთი ურისკო აქტივები გამოიყურებოდა, როგორებიცაა ოქრო, იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი.

მთავარი ისაა, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დაძაბულობის წყალობით, მსოფლიოს საფონდო ბაზარმა დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარით იზარალა. ერთადერთი დიდი ბაზარი, სადაც მცირე კლება დაფიქსირდა, არის იაპონური ნიკეი, რომელმაც ორშაბათის სავაჭრო სესიაზე 1 პროცენტით დაიკლო. არადა, იაპონიაში მეორე კვარტლის მშპ-ს მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები გამოაქვეყნეს.

იაპონურ საფონდო ბაზარზე მომუშავე ინვესტორები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა შენარჩუნდება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ისეთ რისკიან აქტივებზე, როგორებიცაა იაპონური კომპანიების აქციები. სამაგიეროდ, გაიზრდება მოთხოვნა იენზე, რომელიც რისკებისგან თავშესაფარი აქტივია.

ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების აქციებზე უარყოფითად მოქმედებს ამერიკულ დოლართან მიმართებაში იენის გამყარება. ამ წყვილის ფასი 108.72 იენამდე დაეცა, რაც 19 აპრილის შემდეგ უდაბლესი მაჩვენებელია. 1.5 პროცენტით შემცირდა „ტოიოტა მოტორის“ და „ჰონდა მოტორის“ აქციების ფასი, 1.6 პროცენტით გაუფასურდა „პანასონიკის“ აქციები. სამაგიეროდ, გაიზარდა თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული კომპანიების აქციები.

„სტოქს იუროპ 600-ის“ ინდექსი დილით 0.7 პროცენტით გაიზარდა. ევროზნს ინდქსმ და ეგრეთ წოდებული „ცისფერი ჩიპების“ ინდექსებმა კი 0.9 პროცენტით მოიმატა. არადა, წინა კვირაში სამივე ინდექსი 2.7 პროცენტით შემცირდა, რაც ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ განაპირობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა (1.4 პროცენტი) საბანკო სექტორს აქვს, რომელიც მანამდე პოლიტიკურმა დაძაბულობამ ყველაზე მეტად დააზარალა. „დოიჩე ბანკის“, „კომერცბანკის“, „სტანდარდ ჩარტერდ ბანკის“ აქციების ზრდამ 2.7 პროცენტი შეადგინა. 2.5 პროცენტით მოიმატა გერმანულ ენერგეტიკულ კომპანია RWE-ს აქციების ფასმა, რაც კომპანიის მოსალოდნელმა მაღალმა მოგებამ განაპირობა.