საბაჟო გამშვებმა პუნქტმა "ყაზბეგმა" მუშაობა განაახლა

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" სამუშაო პროცესი აღდგენილია, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო ვითარებით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, საბაჟო გამშვებ პუნქტში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო, თუმცა 06:00 საათიდან კვლავ გაიხსნა და ამ ეტაპზე ყველა მანქანა, რომელიც „ყაზბეგის“ გახსნას ელოდებოდა, ორივე მიმართულებით გატარებულია.

დარიალის ხეობაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო, 14 აგვისტოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ სამუშაო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყდა. საგანგებო რეჟიმი ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას უკავშირდებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხეობაში დამონტაჟებულმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე ავტომატური განგაშის სიგნალი შესაბამის უწყებებს გადასცა. შედეგად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგიდან". შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.